ენტონი ბლინკენი მზადაა, ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კონგრესთან იმუშაოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, იმუშაოს კონგრესთან, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე „რესპუბლიკელმა“ ლინდსი გრეჰემმა ბლინკენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

„მსურს მოქმედება და არა მხოლოდ სიტყვები. დაუჭერთ თუ არა მხარს ორპარტიულ მცდელობას, დასანქცირდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო?“ – მიმართა გრეჰემმა ენტონი ბლინკენს.”მივესალმები თქვენთან მუშაობას ამაზე”, -უპასუხა კონგრესმენს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და „ჰამასის“ სამი ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. მისი განმარტებით, აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს სავარაუდო ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება აღმაშფოთებელია და რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share