„გლობალური ომის პარტიაში“ „ძალიან სახიფათო ხალხია“, იმდენად, რომ მათი სახელის წარმოთქმაც სარისკოა. როგორც „მასონებს“, მათ „კრიტიკული გავლენა“ აქვთ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ეს ჯგუფი წლებია, უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, – რომელმაც საქართველოში მათი „აგენტურის მმართველობა“ დაასრულა.
„გლობალური ომის პარტია“ საქართველოზე გავლენის აღსადგენად გეგმავს (წარუმატებელ) სახელმწიფო გადატრიალებებს – მიზანი, ხელისუფლებაში „აგენტურის“ დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევაა.
მაისის მღელვარე დღეებში, როდესაც „უცხოეთს აგენტების“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღამ პიკს მიაღწია, „ქართული ოცნების“ ქვედა ეშელონებიდან გამოჟონილმა შეთქმულების თეორიებმა „გლობალურ ომის პარტიაზე ხელისუფლების ოფიციალურ რიტორიკასა და ბიძინა ივანიშვილის სახალხო მიმართვაში გაიჟღერა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გლობალურ ომის პარტიაზე“ ამერიკელ მაღალჩინოსან ჯიმ ო’ბრაიენთანაც კი ილაპარაკა – მაგრამ „მხოლოდ 30%“ გაანდო, რადგან „დახურულ შეხვედრაზეც რთულია ამ თემაზე საუბარი“.
- და, მაინც, ვინ ან რა არის ეს „გლობალური ომის პარტია“?
- ვინ დგას მის უკან?
- რატომ ამოიღო „რამდენიმე უკიდურესად გავლენიანმა ოჯახმა“ ბიძინა ივანიშვილი მიზანში?
ამ სტატიაში ვეცადეთ შეთქმულების სცენარი ბიძინა ივანიშვილის თვალით დაგვენახა.
პაზლის აწყობაში „ოცნებისგან“ „სრული სიმართლის თქმის“ მოტივით გამოყოფილი „ხალხის ძალა“, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილები და „ოცნების“ ლიდერების საჯარო განცხადები დაგვეხმარა.
პირველი კონტაქტი
ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მიზანში პირველად 2007-08 წლებში მოქცეულა, – ეს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უთხრა ჟურნალისტებს 14 მაისს.
სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდაო ივანიშვილი საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, “გლობალური ომის პარტიის მარიონეტს” – მიხეილ სააკაშვილს – და სწორედ მაშინ დაუწყია ივანიშვილის პირად ბანკირს შვეიცარიული ბანკიდან მისი „ძარცვა“.
სინამდვილეში, ყველაფერი ასე დაიწყო: 2004 წელს მილიარდერმა ბიზნესმენმა, თანამფლობელთან ერთად, რუსეთში მისი მთავარი აქტივი, მიხაილოვსკის მეტალურგიული ქარხანა გაყიდა. ამ გარიგების შედეგად კი იმდენი ქონება დაუგროვდა, რომ მართვაში დახმარება დასჭირდა.
ქარხნის გაყიდვის ამბავი მედიაში მოხვდა და გასაჯაროვდა.
ერთი წლის შემდეგ შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ თავად უკავშირდება ივანიშვილს და ქონების მართვაში დახმარებას სთავაზობს. ივანიშვილიც თანხმდება.
2006 წელს ივანიშვილის ქონებას – 1.2 მილიარდ აშშ დოლარს – სამართავად ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკადრონი იბარებს.
ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ არის დაპირისპირებული მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირიქით, როგორც თავად აქვს ნათქვამი, გარკვეული პერიოდი სააკაშვილის მთავრობას ხელფასებს უფინანსებს.
ვითარება მეორე ქართველი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის უეცარი გარდაცვალების შემდეგ იცვლება.
„გლობალური ომის პარტია ანგრევდა საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“ – უთხრა ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ 29 აპრილს შეკრებილ ხალხს, რომელთა უმრავლესობა მისმა დაფუძნებულმა პარტიამ რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანა.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების – „იმედში“ შეჭრის, დემონსტრანტების სასტიკად დარბევის, – და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „ტოტალური გაყალბების შემდეგ“, ივანიშვილმა სააკაშვილთან კონტაქტი გაწყვიტაო, ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
„ფაქტი ფაქტად რჩება: 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი“, – აზუსტებს ის.
სააკაშვილს არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ივანიშვილი მის საატელეფონო ზარებს 2008 წლის თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ აღარ პასუხობდა.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ერთ-ერთ წერილში აღწერილი შეთქმულების თანახმად, პატრის ლესკადრონმა ივანიშვილის ძარცვა 2008 წელს, „გლობალური ომის პარტიის“ დავალებით დაიწყო.
ლესკადრონი – „ომის პარტიის მარიონეტი”
პატრის ლესკადრონის ფინანსური მაქინაციები 2015 წელს გამოაშკარავდება, – მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მარჯვენა ხელი, გიორგი ბაჩიაშვილი შეუსაბამობებს აღმოაჩინს საბანკო დოკუმენტებში. აქედან იწყება მრავალწლიანი სასამართლო პროცესებიც.
2018 წელს ლესკადრონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბანკის კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით. ივანიშვილი არ იყო ერთადერთი კლიენტი, ვინც ლესკადრონს უჩივლა.
ბანკირი ვადაზე ადრე, 2019 წელს გაათავისუფლეს. 2020 წელს კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ეს ისტორია შეთქმულების თეორიაში სხვანაირად ეწერება: თითქოს ლესკადრონი “ამერიკელების დავალებით” ჰპარავდა ფულს ივანიშვილს; დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ ის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ამ თეორიას სიტყვასიტყვით ავითარებს ფილოსოფოსი შათირიშვილი, – ტელეკომპანია „პოსტივის“ ყოფილი მეწილე, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევენ. ის 2022 წლიდან აქვეყნებს ვრცელ წერილებს „გლობალური ომის პარტიასა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე.
სხვისი სახელით წერილების გამოქვეყნება ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო ხილი არ არის.
უკვე 12 წელიწადია, სხვადასხვა დროს ივანიშვილის გარემოცვის ამა თუ იმ წევრის სახელით გამოქვეყნებულ წერილებში ანალიტიკოსები თავად ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს კითხულობენ.
2013 წლის მარტში პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კრიტიკაზე საპასუხო წერილი მისწერა 23 ევროპარლამენტარს. იმავე წლის 12 მარტს ივანიშვილმა თქვა: „ამ წერილში ყველა აქცენტი ჩემი გაკეთებულია პირადად“.
ივანიშვილის ადვოკატის წერილებზე, რომელიც „კრედიტ სუისთან“ დავის დეტალებს ეხებოდა, ზაზა შათირიშვილს აქვს დაწერილი: „ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის მისი ადვოკატის წერილებს შემთხვევით არ ასაჯაროებს. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია, საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში“.
ზაზა შათირიშვილის წერილების აქცენტები ახლა ირაკლი კობახიძის ზეპირ გამოსვლებში მეორდება: 2008 და 2022 წლების კავშირზე ივანიშვილისა და „ომის პარტიის“ კონტექსტში, „აგენტოკრატიასა“ თუ „ევროკავშირის ეკონომიკურ ჩამოშლაზე“.
აი, როგორ ხატავს შათირიშვილი ამ სურათს:
„პატრის ლესკადრონი ამერიკელების დავალებით [იპარავდა] თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან, ამისათვის იღებდა პრემიებს ბანკის მენეჯმენტისგან, რამდენიმე წელიწადი ციხეში გაატარებინეს, ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ კი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს“ [11.07.2023].
„ლესკადრონი ჯერ ციხეში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გამოიყვანეს, ერთადერთი მიზეზით – მისი მოშორება და თვითმკვლელობის ინსცენირება, ბუნებრივია, ციხის გარეთ უფრო იოლი იყო“ [08.02.2023].
ბაჩიაშვილი – “ამერიკელების მორიგი მარიონეტი”
შეთქმულების თეორიას აქ დროში მცირედი ნახტომი აქვს: გამოტოვებს 2012 წლის გადამწვეტ არჩევნებს საქართველოში, ხელისუფლების ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ და გადადის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდზე, 2022 წლის დასაწყისზე.
ირაკლი კობახიძემ, როდესაც 2008 წლიდან ივანიშვილის ძარცვაზე ისაუბრა, იქვე ახსენა, რომ „უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, პრაქტიკულად, გაიყინა მისი [ივანიშვილის] ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები“, – აქედან გამომდინარე აქვს ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება, ჰქონდეს აღქმა, რომ დე ფაქტო სანქციები აქვს დაწესებულიო.
ამ პერიოდში გასარკვევადაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის 2022-23 წლების წერილები გამოდგება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გიორგი ბაჩიაშვილი ხდება, – ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი.
შათირიშვილის სიტყვებით:
- „ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც თავის დროზე პატრის ლესკადრონი“;
- „131-მილიონიან პროექტში 100 მილიონი გაფლანგა, რაც მხოლოდ დავალებისა და შეგნებული ქმედების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო“.
- „ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი [რობერტ ამსტერდამი] მიუჩინეს – წრედი საბოლოოდ შეიკრა… დანაშაულის ჩამდენი ბიზნესმენი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე იოლი ლუკმაა… ბაჩიაშვილის გადაბირება კი არცთუ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, რომ ის ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა“. [11.07.2023].
რატომ ივანიშვილი?
ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის 2022 წლიდან დე ფაქტო სანქციების ქვეშაა, – რადგან ბანკი „კრედიტ სუისი“, ახალი მფლობელის პირობებშიც კი, მას ფინანსებზე წვდომას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დავა მოიგო სხვადასხვა იურისდიქციაში.
პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“, – რომელსაც „კრედიტ სუისის“ დანგრევა და შვეიცარიული საბანკო სექტორის ჩამოშლა ნდომებია, რადგან ამერიკულ სისტემას კონკურენტი ჩამოაშოროს, – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელმწიფო მართვის სადავეებისგან ჩამოშორებას ცდილობს.
ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი, – შეთქმულების თანახმად, – „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის მიუღებელი ფიგურაა, რამეთუ მან შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა“ [სავარაუდოდ იგულისხმება 2012 წელს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება არჩევენბში – რ.თ.]“ [ზაზა შათირიშვილი, 11.07.2023].
ბიძინა ივანიშვილიც რომ ასე ფიქრობს, 29 აპრილს სიტყვით გამოსვლაში გამოჩნდა. აი, როგორი იყო მისი აქცენტები:
- „2004-12 წლებში … ქვეყანას … უცხოური აგენტურა მართავდა“. კონკრეტული პირები ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“;
- „ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“;
- „საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს… ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს“;
- „მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“.
- „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.
ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, 2 მაისს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარში პრემიერმა კობახიძემ გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის, – რომლებმაც 2009 წელს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, – ურთიერთობები ასე დაძაბული არასოდეს ყოფილა. ექსპერტების აზრით, ახლა საქართველო ხელიდან უშვებს შანსს, დაამყაროს სამხედრო პარტნიორობა აშშ-სთან, ისარგებლოს გამარტივებული სავაჭრო რეჟიმით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით – ამ ყველაფრის დათქმა დემოკრატიის გზაზე დაბრუნებაა.