სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?

თბილისის დროით 24 მაისს, დილის ოთხ საათზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“. თუმცა ჯერჯერობით ახალი არავინ დაუსანქცირებია.

ამ სტატიაში აგიხსნით,

  • რა შეიძლება საბოლოო გაფრთხილებების შემდეგ მოხდეს?
  • ვის შეიძლება დაუწესონ სანქციები და რა სახის?
  • როდის რა ნაბიჯს შეიძლება ელოდოს საქართველო?

ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ეს ევროატლანტიკურ კურსსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს დააზიანებდა, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, კანონი სამი მოსმენით მიიღო.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო „აგენტების კანონს“.

21 მაისს ვენეციის კომისიამ „მტკიცედ ურჩია“ ხელისუფლებას, კანონი გააუქმოს, რადგან მას „ფუნდამენტური ხარვეზები“ აქვს.

„ქართული ოცნება“ გეგმავს, 27 მაისს ჯერ კომიტეტზე დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, შემდეგ კი, საბოლოოდ, 28 მაისს, პლენარულ სესიაზე.

ახლა ჯერი პარლამენტზეა.

პარლამენტარები? მინისტრები? ოჯახები?

შეერთებულმა შტატებმა 28 მაისის კენჭისყრამდე 4 დღით ადრე გამოაცხადა საქართველოს მიმართ ახალი პოლიტიკა: აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ძირფესვიანი გადახედვა და სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა.

ეს პოლიტიკა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, „გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე“.

„ასევე, მათი ოჯახის წევრებზე“.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატები წინასწარ არასოდეს აცხადებს, ვის დაუწესებს სანქციებს.

მაგრამ არსებულ კონტექსტში, ეს ჩანაწერი ქმნის იმის დაშვების საფუძველს, რომ სავიზო სანქციები შეეხებათ იმ პარლამენტარებს, რომლებიც პარლამენტში მხარს დაუჭერენ „აგენტების კანონს“.

ან თუკი, ასეთი პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ, – დაუჭერენ მხარს საერთოდ.

სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს „ქართულ ოცნებას“ – პარტიამ 24 მაისს განაცხადა:

„ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა“.

პირველ-მეორე მოსმენაზე კანონს ხმა 83-83 დეპუტატმა მისცა, მესამეზე კი – 84-მა.

გარდა პარლამენტარებისა, ეს ჩანაწერი შეიძლება მოიცავდეს გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს, რომლებიც „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის“ უკან დგანან – მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირებს.

„ოცნების“ დღევანდელ განცხადებაში ეს მოლოდინიც ჩანს: უმაღლესი თანამდებობის პირები „სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს“ და „სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირიო“.

„სიცოცხლის მოსპობით შანტაჟს“ „ოცნება“ უწოდებს თავიანთი მოკავშირის, ვიქტორ ორბანის თანაგუნდელის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გაფრთხილებას, რომ არ გაამწვავონ პოლარიზაცია, რაც დამაზიანებელი იქნება – რის საილუსტრაციოდაც ვარჰეიმ სლოვაკეთისა და მისი პრემიერის, რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითი დაასახელა. კობახიძემ ეს მაგალითი მუქარად შეაფასა და „გლობალური ომის პარტიას“ დაუკავშირა.

მხოლოდ თანამდებობის პირები, თუ ივანიშვილიც?

კიდევ ერთხელ – აშშ წინასწარ არასოდეს აცხადებს, ვის დაუწესდება სანქციები.

ზოგადად, სანქციები არ შემოიფარგლება მოქმედი თანამდებობის პირებით.

ის შეიძლება შეეხოს ყველას, ვისაც სახელმწიფო თუ სახაზინო დეპარტამენტი, ხანგრძლივი მოკვლევის შემდეგ, საჭიროდ ჩათვლის.

მაგალითად, აშშ-მა 2023 წლის 14 სექტემბერს სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტს 2013 წელს ხანმოკლე ვადით იკავებდა, – „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო“.

ფარცხალაძეს ოჯახური კავშირი აქვს მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან – ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილია.

ბიძინა ივანიშვილი ახლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს, თუმცა, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ის იღებს საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„ძალიან მალე განვიხილავთ“, – უთხრა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ყოფნისას ჟურნალისტებს ივანიშვილის სანქცირებაზე.

„ძალადობასა და დაშინებაზე“ პასუხისმგებლები

გარდა იმ ადამიანების ხსენებისა, ვინც „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი და თანამონაწილე“, შეერთებულმა შტატებმა – სახელმწიფო დეპარტამენტმა, – 24 მაისს განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვები სხვებზეც გავრცელდება.

კერძოდ, ეს ჩანაწერი „მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე“.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციებისას პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა სპეციალური საშუალებები.

ამასთან, დემონსტრანტებს დაკავებისას ნიღბიანი, არაიდენტიფიცირებული პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რამდენიმე ადამიანს სასტიკად სცემეს. მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სპეცრაზმელებს არ დასჯიან.

აქციების პარალელურად, არაერთ აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს დახვდნენ საცხოვრებელ სახლებთან და თავს დაესხნენ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული ნიღბიანები; კანონის მოწინააღმდეგეებს ტელეფონებზე ურეკავდნენ და აგინებდნენ. ოფისებთან და სახლებთან უწერდნენ: „უცხოეთის აგენტები“, „ქვეყნის მტრები“.

რა სახისაა სანქციები?

ზოგადად, ინდივიდუალური სანქციები ორი სახის შეიძლება იყოს:

  • სახელმწიფო დეპარტამენტის დაწესებული სავიზო შეზღუდვები – როდესაც ადამიანს აშშ-ში შესვლას უკრძალავენ, როგორც შარშან მოსამართლეების შემთხვევაში; აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალებათ სანქცირებულების ოჯახის წევრებსაც. სწორედ ამ პოლიტიკის გატარება დააანონსა სახელმწიფო დეპარტამენტმა 24 მაისს.
  • სახაზინო დეპარტამენტის ინდივიდუალური სანქციები – ქონების გაყინვა და აქტივებზე წვდომის შეზღუდვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის 24 მაისის განცხადებაში ასეთ სანქციებზე საუბარი არ არის.

მაგრამ ასეთ სანქციებს ითვალისწინებს ის კანონპროექტები (აქტები), რაც კონგრესის ორივე პალატაში უნდა განიხილონ.

ესენია MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატაში და „ქართველი ხალხის აქტი“ სენატში.

„მაგნიტსკის აქტი“

სენატში განსახილველი „ქართველი ხალხის აქტი“, რომლის ავტორებიც დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები არიან, ითვალისწინებს:

  • „ახალი სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში“.
  • კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე „რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობისა“ და ე.წ. „მაგნიტსკის აქტით“ გათვალისწინებულ სანქციებს.

60 დღე

წარმომადგენელთა პალატაში განსახილველი აქტი, MEGOBARI აქტი, მისი მიღებიდან 60-დღიან ვადას აძლევს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც საქართველოს მთავრობაში არიან ან მთავრობისთვის მუშაობენ, ან სხვანაირად, ისეთ პოზიციაში არიან, რომ მთავრობის ქმედებებზე ძლიერი გავლენა აქვთ, – და „ეკისრებათ არსებითი პასუხისმგებლობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისა და ძირის გამოთხრისათვის“.

თუ ჩავთვლით, რომ აქტების განხილვა კონგრესში მომავალ კვირაში იგეგმება, 60-დღიანი ვადა 2024 წლის აგვისტოსთვის ამოიწურება.

ეს უკვე წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

საარჩევნო პერიოდს საორიენტაციოდ სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე იღებს.

არჩევნები

სახელმწიფო დეპარტამენტის 24 მაისის განცხადება საორიენტაციოდ იღებს 2024 წლის ოქტომბერს და სავიზო სანქციებით ემუქრება „ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ“.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ იმედს იტოვებს, „საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ“.

„გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი MEGOBARI აქტი ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში მნიშვნელოვან დაპირებებს გასცემს.

თუკი საქართველოს ხელისუფლება გაიწვევს „აგენტების კანონპროექტს“ და სხვა პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანონპროექტი ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს:

  • მოამზადონ სამხედრო დახმარების პაკეტი საქართველოსათვის;
  • დაიწყონ მოლაპარაკებები გამარტივებულ სავაჭრო რეჟიმზე;
  • მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share