აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პატიმრობის წინააღმდეგი არ არის – ამის შესახებ მან Fox news-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა სასჯელს ელოდება მოსამართლისგან, ტრამპმა თქვა, რომ პატიმრობას ან შინაპატიმრობას არ გამორიცხავს და ამის წინააღმდეგი არ არის.
“ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი ტელევიზიით ვნახე, რომელმაც თქვა: არა, თქვენ ხომ არ გინდათ პრეზიდენტისთვის ამის გაკეთება. მე ვუთხარი, რომ არაფრის თხოვნა საჭირო არ არის… ვფიქრობ, საზოგადოებისთვის რთული იქნება ამასთან [მის პატიმრობასთან] შეგუება, ამის გადატანა. თქვენ იცით, რომ გარკვეულ დროს დგება გარდამტეხი მომენტი”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ გაჩუმების საქმეზე დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ცნობილია, რომ მოსამართლე მერჩანი სასჯელის სახეს და ზომას 11 ივლისს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ედავებოდნენ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს საკუთარი ადვოკატის დახმარებით დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა და გაჩუმება მოსთხოვა.