საქართველოში მეორე ფრონტი უკვე გაიხსნა. ოღონდ რუსეთის ხელით და დასავლეთის წინააღმდეგ, – ასე შეაფასეს რუსეთში „ოცნების“ დაპირება, აკრძალოს ე.წ. ლგბტ პროპაგანდა.
კრემლმა თბილისიდან მორიგი კარგი ამბავი მიიღო.
„ქართულმა ოცნებამ“ დააპირა, შვილის აყვანა აუკრძალოს ყველას, ჰეტეროსექსუალების გარდა, აკრძალოს სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია და დაიცვას ბავშვები ე.წ. ლგბტ პროპაგანდისგან.
ეს დაგეგმილი საკანონმდებლო შეზღუდვების არასრული ჩამონათვალია.
რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა, რომელმაც უკვე შეაქო თბილისი „აგენტების კანონის“ მიღებისთვის, ახლაც მოუწონა ხელისუფლებას „გამბედაობა“ და „ცივილიზაციური სიმტკიცე“.
„სერიოზული ნაბიჯია“. საქართველო მიხვდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „ორი წვერიანი დედის ქორწინების“ დაკანონებას ნიშნავს, – დაწერა პუშკოვმა ტელეგრამზე.
„საქართველო აპირებს, დასავლური ზეგავლენისგან გათავისუფლდეს…“ – წერს „რიდოვკაც“, პოპულარული პროკრემლისტური ტელეგრამარხი.
„რიდოვკას“ თანახმად, კანონის მიღება „ცალსახად პოლიტიკური ჟესტია“. ამით საქართველო დასავლეთს ეუბნება, „თქვენთან არაფერი გვესაქმებაო“.
„უცხოეთის აგენტების“ კანონს საქართველომ ეგრევე მეორე ანტიდასავლური კანონი მიაყოლა. ეს რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე მიუთითებს, – ამტკიცებენ პროპაგანდისტები.
„საქართველოში ზედიზედ მომხდარი მთელი ეს სირობები აშკარად რუსეთის ინტერესების და სცენარის მიხედვით ვითარდება“, – დაწერა ექსტრავაგანტულმა ბლოგერმა საშა კონმა (ცხენმა).
„ეს ცალსახად ჩვენი საკაიფო დიპლომატიური გამარჯვებებია“, – დაამატა მან.
“ერთიანი, პრორუსული საქართველოსკენ”
თბილისში კრემლის საცეცების გაძლიერებაზე წერს რუსული პრესაც.
ცალსახაა, რომ ზედიზედ მეორე კონტროვერსიული კანონპროექტი „კოლექტიური დასავლეთის სახეში ნასროლი ხელთათმანია“, – წერს გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ საქართველოსადმი მიძღვნილ ვრცელ ტექსტში.
„ნოვიე იზვესტია“ ცალსახად კრემლის პროპაგანდა არაა. გაზეთი პუტინის ხელისუფლების მესიჯებს იშვიათად აჟღერებს და ხშირად უბრალოდ თავს არიდებს „მტკივნეული“ თემების, მაგალითად, უკრაინაში ომის, გაშუქებას.
საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას „ნოვიე იზვესტია“ დასავლეთისგან თავის დაცვის სურვილით ხსნის.
მაგრამ „ნაკლებად სავარაუდოა, “ქართულ ოცნებას” გეები და ლესბოსელები აშინებდნენ… ეს ნაბიჯი [„ლგტბ პროპაგანდის“ კანონის დაანონსება] გამიზნულ ესკალაციად შეიძლება ჩავთვალოთ. მისი მიზანი აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებისა და არსებული შეთანხმებების გაწყვეტაა“, – წერია სტატიაში, რომელსაც „ერთიანი, პრორუსული საქართველოსკენ“ ჰქვია.
ტექსტი სრულდება ვარაუდით, რომ საქართველო რუსეთს შეუთანხმდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რაღაც ფორმით დაბრუნებაზე, რაც რუსეთის გავლენის ქვეშ საბოლოოდ მოქცევას ნიშნავს.
რუსული “შპარგალკა”
კრემლის მხარდამჭერი ბლოგერები ხუმრობენ, რომ საქართველო რუსეთისგან ანტიდასავლურ კანონებს იწერს.
ტელეგრამში ერთი შესაბამისი მიმიც კი გავრცელდა.
პროპაგანდისტები იმაზეც ნიშნის მოგებით წერენ, რომ რეპრესიულ კანონებს გამოქცეულ რუსებს ეს კანონები ნელა-ნელა საქართველოში ეწევათ.
„საქართველო ლგბტ მოძრაობის [რუსეთში აკრძალული არარსებული ორგანიზაცია] ასაკრძალად ემზადება. ესეც თქვენ, ზემო ლარსზე შტურმით წასულებო“, – დაწერა ე.წ. სამხედრო ბლოგერმა, კირილ ფიოდოროვმა.
„ეს [“ლგბტ პროპაგანდის“ კანონი] ძლიერი დარტყმაა რუს რელოკანტებზე“, – წერს ბლოგერი სერგეი ჩერკასსკი.
ამასობაში ჩვენს რელოკანტებს „ფერადი რევოლუცია“ მოუწყვიათო, – სარკასტულად წერს ანონიმური არხი „მორდორის ურდო“.
“რუსულის ასლი”
კრემლმა კანონი არასრულწლოვნებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრალვის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო.
პროპაგანდად კანონმა განსაზღვრა ბავშვებისთვის „პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება ჰომოსექსულობაზე, ბისექსუალობასა და ტრანსგენდერებზე“.
შემდეგ აიკრძალა „სქესის შეცვლის“ (სქესის კვლავ მინიჭების) ქირურგიული ოპერაცია. ტრანსგენდერი ადამიანები ვეღარ წერენ პასპორტში საკუთარ გენდერს.
მოგვიანებით, ე.წ. პროპაგანდა (ანუ ჰომოსექსუალობის ნებისმიერი ხსენება პრესაში, ტელევიზიაში, კინოში, მუსიკასა და წიგნებში) უკვე სრულად აიკრძალა.
ნოემბერში კი რუსეთმა აკრძალა არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“, რის შემდეგაც ადამიანებს უკვე ცისარტყელას დროშისთვისაც აპატიმრებენ.
ამ კანონების მიღებასთან ერთად, რუსეთში გაძლიერდა შეუწყნარებლობა ქვიარ ადამიანების მიმართ.
„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, პრაქტიკულად, სრულად რუსულის ასლია, – განაცხადა 4 ივლისს რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „კრიზისული ჯგუფი CK SOS“.
„რუსეთში ფორმულირების ბუნდოვანებამ გამოიწვია ის, რომ დაიწყო კანონის, როგორც რეპრესიული მექანიზმის გამოყენება ყველა არასასურველის და არა მხოლოდ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება