მკაცრი სანქციების მოლოდინში, ოცნების ლიდერები ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ და ავტორიტარული ვერტიკალის ქვედა დონეებზე აქამდე მყუდროდ მოკალათებულ სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებსა თუ კლეპტოკრატიული ეკონომიკის ნაწილად ქცეულ ბიზნესმენებს გული გაუკეთონ. დაარწმუნონ, რომ როგორც კობახიძემ თქვა “დროებით ტურბულენტობას” გაუძლებენ და არაფერი მოხდება.
სპეციალურად, კამერების წინ, სახეზე გამოსახულ ხელოვნურ ღიმილს სათანადო ეფექტი არ აქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ტექნიკური გადაწყვეტილებების დრო დადგა. ანუ ვიღაცის მეილსა თუ საბანკო ოფიცრის ფოსტაში შეტყობინება როდის მივა მხოლოდ ტექნიკის და დროის საქმეა.
როგორც ყოველთვის, პოლიტიკური უტიფრობის ჩემპიონატში, თბილისის მერი კალაძე ლიდერობს: “არაფერი ისეთი არ დამიშავებია სანქციებს რომ ვიმსახურებდეო… მითხარით თუნდაც ერთი რამ, რის გამოც ამერიკა ასე მკაცრად უნდა მომეპყროსო… ეს რაღა მეგობრობაა… გამოდის რომ მტრები ვყოფილვართო…” ანუ, იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც თავად კალაძე და ივანიშვილის რუსული შანტრაბა წლების განმავლობაში დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკელებისა და ევროპელების დისკრედიტაციისთვის, შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის აკეთებს, კალაძის ენაზე, თურმე “მეგობრობაა” და ამ უსაქციელობაზე დასავლეთის რეაქცია, რომელიც ჩემი აზრით ძალიან დაგვიანებულია, თუმცა მაინც დროული, თურმე მტრობა.
ახლა კი, სულ რამდენიმე წინადადებით განვმარტავ მეგობარს როგორ არ ექცევიან და რატომ იმსახურებენ კალაძისნაირები, ანუ ოცნების რუსული დისტოპიის შემქმნელები, დიდი ხანია, მართლაც არამეგობრულ მოპყრობას:
1. მეგობარს, რომლის სიძლიერეზეც დგას ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც შენი და შენნაირი პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს უზრუნველყოფს – არ ღალატობენ იმათთან, რომლებისთვისაც ამ წესრიგის ნგრევა და გავლენის სფეროებად მსოფლიოს გადანაწილება, ანუ სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული გადაყლაპვა საჯაროდ გაცხადებული სტრატეგიული ამოცანა და მიზანია;
2. მეგობარს, მისივე დახმარებით შექმნილი რესურსებით და მიღებული ტექნიკური ცოდნით დღე და ღამე არ ლანძღავენ და აგინებენ, მის ავტორიტეტს და საერთო ღირებულებებს ძირს არ უთხრიან და ანადგურებენ;
3. მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს გაცხადებულ მტერთან, ტერიტორიების მიმტაცებელ, ქართველების ეთნიკური წმენდის მომწყობ, სახელმწიფოებრიობის და ავტოკეფალიის გამანადგურებელ და გამაუქმებელ ქვეყანასთან ერთ სიბრტყეში არ აყენებენ და მისგან მიღებულ მეგობრულ რჩევას მტრის დიქტატთან არ აიგივებენ;
4. მეგობარს საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლი და საერთო ღირებულებების დამცველი ადამიანებისა და ინსტიტუტების მძევლად აყვანის და განადგურების, ანუ შანტაჟის ენით არ ელაპარაკებიან და ამაზე თვალის დახუჭვის ფასად, ასევე საერთო და უფრო მეტიც, პირველ რიგში საქართველოსავე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ჰაერივით საჭირო პროექტებით არ ევაჭრებიან;
5. მეგობარს, რომელიც ისრაელის შემდეგ ყველაზე მეტად შენ გეხმარება და გვერდში გიდგას, მტრის მიერ არაერთხელ განადგურებული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და რეაბილიტაციაში გეხმარება, ქართულად გელაპარაკება და შენთან მეგობრობით ამაყობს, ველურების ურდოსა და საღორის ლაფში არ ცვლი;
6. მეგობარს, რომელიც შენივე შეცდომების გამო, ჭაობში ყველამდე ჩაძირულს, ხელს გიწვდის და გეუბნება – არც გინებას გაგიხსენებ, არც ჩვენს საერთო მტერთან ფლირტზე გაგებინებ პასუხს, ოღონდ – რაც ამდენი წლის განმავლობაში, პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის ერთად გვიკეთებია – წყალს ნუ გავატანთ, გონს მოდი, ისევ ერთად დავდგეთ და კიდევ უფრო უფრო მყარად. ამისთვის დამატებით – ეკონომიკურად გაგაძლიერებ – ბაზარს გაგიხსნი, თავდაცვის დღემდე უპრეცედენტოდ გაძლიერებაში დაგეხმარები და უვიზო მიმოსვლასაც მოგცემ – ასეთ მეგობარს გამოწვდილ ხელზე არ აფურთხებენ და მტრის ჭუჭყიან ჩექმას არ ეპოტინებიან.
ივანიშვილი და ოცნების სხვა ლიდერები საქართველოს ინტერესების ღალატისთვის რას და როგორ იმსახურებენ და რა ფორმით დაისჯებიან, ეს რასაკვირველია განსაკუთრებულ მსჯელობას იმსახურებს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი – საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. ჰელსინკის კომისიის მოსმენაზეც და სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებითაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსულ მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობა ვეღარ გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი და მისი მარიონეტები ხელისუფლებაში დარჩებიან, გამოდის რომ ვაშინგტონთან და ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები გაწყდება, ამის შედეგი კი გარდაუვალად სავალალო იქნება: საქართველოს ეყოლება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოს მხრიდან სანქცირებული მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რაც ქვეყნის ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ქცევის პერსპექტივას დიდი ხნის განმავლობაში მოუსპობს.
ამის გააზრებაც კი შემზარავია და რთულად დასაჯერებელი… მაგრამ ვინც მაინც ვერ იჯერებთ, შეგიძლიათ ივანიშვილის 29 აპრილის რუსული მანიფესტი კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, ან ოცნებისავე, კიდევ უფრო რადიკალური ქვედანაყოფის – “ხალხის ძალის” დღევანდელ განცხადებას გაეცნოთ. მათ იმეილზე მიღებული შეტყობინება ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ეს წერილიც თუ ინგლისურად ითარგმნა, ვეჭვობ, ევროკავშირის ელჩის მიერ ღიად დახატული პერსპექტივა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე – საშიშად და გარდაუვალად რეალური გახდე.