პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “არასერიოზულს” უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სანქციებს. პაპუაშვილის აზრით, შეერთებულ შტატებს “არასერიოზული ნაბიჯები არ ეკადრება”.
“საერთო ჯამში, რასაც ვსაუბრობდით, ისე ხდება. არასერიოზული იყო როგორც მუქარა, ისე განცხადება სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, რომ ორი დუჟინი ქართველი დასანქცირდა ისე, რომ არც ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. არასერიოზულია და მე ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ მიდგომებს ვხედავ. ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ეზრუნა, რომ გამოესწორებინა ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, ვხედავთ არასერიოზულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ამხელა ქვეყანას.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ქართველმა ხალხმა 30 წელი მეგობრობის მეტი არაფერი აჩვენა ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას. სამწუხაროა, რომ ამ მეგობრობის პასუხად ჩვენ ვიღებთ ასეთ არასერიოზულ განცხადებებს თუ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გამჭვირვალობის კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე, დაახლოებით, 30 პირს სავიზო სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ”ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.
კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას უშუალოდ პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. კონკრეტულ ვინაობას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი აშშ-ში ჩასვლას ეცდება.
რაც შეეხებათ მათ, ვისაც ვიზა უკვე აქვს, მილერის თქმით, ისინი სანქციის შესახებ ინფორმაციას შეიტყობენ, რადგან შეზღუდვა ძალაში დღეს შევიდა.