ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მოტივად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. როგორც ენმ-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, სპეცრაზმის მიერ, მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ექიმების რეკომენდაციით, 2-3 თვის განმავლობაში აეკრძალა დაძაბულ და აქტიურ რეჟიმში მუშაობა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს თავმჯდომარის პოსტი – „მაშინ, როცა არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი, 2-3 თვე ვერ მივცემდი თავს დასვენების უფლებას“, აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში მოიწვევს ყრილობას და პარტიას შესთავაზებს ორ ცვლილებას – ენმ-ის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურას, ხოლო პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად საკუთარ თავს.
“მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს 24 საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციით, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.
მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული. მე მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან, ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის უკვე ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24 საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში“, განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს.