საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, გამორიცხულია, რომ ლარის გაუფასურება პროდუქტის ფასზე არ აისახოს და უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში, ფასის ზრდა მომხმარებლისთვის შესამჩნევი იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია BMG-ის ეთერში საუბრისას თქვა.
„არა იმპორტდამოკიდებული კომპანიები, არამედ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მათ შორის, ადგილობრივი მწარმოებელიც დამოკიდებული არის ნედლეულის კუთხით იმპორტზე, შესაბამისად გამორიცხული არის ის, რომ დოლარის კურსი ცვლილება არ აისახოს იმ ფასზე, რა ფასითაც ხვდება მომხმარებელს თაროზე”. – თქვა რიჟამაძემ.
რიჟამაძე განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე კომპანიები ფასების ზრდას ერიდებიან, რადგან გაზრდილი ფასები მათ გაყიდვებზე უარყოფითად აისახება, მაგრამ ლარის დოლართან მიმართ გაუფასურება აუცილებლად გამოიწვევს ხარჯების ზრდას და, შესაბამისად, საბოლოოდ, მომხმარებლისთვისაც ფასის ზრდასაც.
“კომპანიები, ისევე როგორც ადგილობრივი მწარმოებლები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიები და რითეილერ სექტორიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ფასი მკვეთრად არ იყოს ასახული. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ეს თაროზე, როგორც ასეთი, მომხმარებლისთვის არსებითად შესამჩნევი არ იქნება. ყველა კომპანია ცდილობს, მიუხედავად დოლარის კურსის მკვეთრი ცვლილებისა, ამ ეტაპზე თავი შეიკავოს გაძვირებისგან იმიტომ, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება გაყიდვებზე, თუკი ფასი ძვირი ხდება […] გაყიდვები მცირდება.
ჯერ ბუნდოვანია მათთვის, თუ რა ნიშნულს დაიჭერს დოლარი, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად თადარიგი დაიჭირონ, რომ ის გაძვირება, რაც მოხდება, იყოს მაქსიმალურად გვიან და არ იყოს ხშირი იმიტომ, რომ მომხმარებელზე არ იმოქმედოს ნეგატიურად. […] 2-3 კვირის განმავლობაში დაიწყება ფასებზე ასახვა. აღნიშნულზეც რომ დარჩეს (რედ. დოლარის კურსი) გარკვეულწილად მაინც აისახება. თვითონ იმპორტიორების გარდა, მათ შორის, რითეილ სექტორიც რომ ავიღოთ, ვალდებულებები გააჩნიათ დოლარში, ანუ ის იჯარები, რამდენიმე ასეული ობიექტი რაც აქვს რითეილ სექტორს, მათი უმრავლესობა დაკონტრაქტებულია დოლარში, ანუ მათი ვალდებულებები გაიზარდა. გაიზარდა იმ მიმწოდებლის ვალდებულებები, ვინც ახორციელებს იმპორტს. გაიზარდა ადგილობრივი მწარმოებლის ვალდებულებები, ნედლეულის კუთხით, თავის მომწოდებლის წინაშე. ანუ, ის ცვლილება რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ცვლილებას გამოიწვევს ფასზე.
ეს შეიძლება ჯერ არ იყოს ისეთი, როგორიც წეღან აღვნიშნე, რომ მომხმარებლის არსებითად ცვლილება იყოს აღქმული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დროის გარკვეულ პერიოდში, 2-3 კვირიდან დაიწყება ის, რაც მომხმარებლისთვის შესამჩნევი იქნება”. – თქვა რიჟამაძემ.
როგორც რიჟამაძე ამბობს, ფასების ზრდა შეეხება როგორც პირველადი ტიპის, ისე ყველა ტიპის პროდუქტს.
“ყველას შეეხება, რა თქმა უნდა და პირველადი (რედ. ტიპის პროდუქტები) ერთ-ერთი ყველაზე უფრო სენსიტიური პროდუქტი არის, სწრაფბრუნვადი პროდუქტი არის. […] იმპორტიორს, რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქციის შეკვეთას, პროდუქტის ჩამოსვლამდე კიდევ უფრო გაძვირებული ხვდება, შეკვეთიდან ჩამოსვლამდე, იქიდან გამომდინარე, რომ დოლარის კურსი ამ პერიოდში ფუჭდება, ყოველდღიურად, ჩვენდა სამწუხაროდ”. – თქვა რიჟამაძემ.
ლარი მცირედით გამყარდა – დოლართან 0.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი – 3.0682 ლარი.