“ჩეხეთთან თამაში იოლი არ იქნება… შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სანიოლი ამბობს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ჩეხი ფეხბურთელების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები კარგად იციან, თუმცა მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი “დისციპლინირებულად მოქმედებაა“.
”თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება.
თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა.
შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ, 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა.
მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულისწყვეტა იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით.
მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა“, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.