ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის მამა, როინ ქოჩორაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ Euro2024-ზე თამაში არა მხოლოდ ვილი სანიოლის, არამედ ქართველი ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა.
გიორგი ქოჩორაშვილის მამა სპორტსმენების მიერ მოტანილი წარმატების უკან ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის თავდაუზოგავ შრომას ხედავს და ამბობს, რომ მიღებული შედეგი გუნდში არსებულმა ერთიანობამ განაპირობა.
”ვილი სანიოლმა რაც გააკეთა ვართ იქ, მაგრამ მარტო ვილის არ გაუკეთებია, ეს გააკეთეს ბიჭებმა. როგორც ვილიმ გააკეთა ბიჭების საქმე, ისე ბიჭებმა გააკეთეს ვილის საქმე. ჩვენ ქართველებმა ვიცით განსხვავებული სიყვარული. ან ადამიანი მაგრად გვიყვარს და მერე შეიძლება მაგრად დავამარცხოთ ძირს, ან მაგრად დავამარცხოთ და მერე ავიყვანოთ. მოდი სტაბილურები ვიყოთ ყველაფერში რა. სტაბილურობა მოგვცემს წარმატებას. ვილიმ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გააკეთოს. ამისთვის მადლიერები ვართ ჩვენ, რომ შეკრიბა ზუსტად ის ბიჭები იმ ჩამონათვალით, ვინც ეს წარმატება მოგვიტანა. ფაქტია, რომ ეს არის ვილის დამსახურება, რომ ეს ბიჭები და ამ ბიჭების ერთად თამაშში დაინახა წარმატება, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეობას, მე თანახმა ვარ, რომ მივცეთ მოქალაქეობა, მაგრამ ამ კუთხით მიდგომა, არც სპორტში და არც სხვა მიმართულებით არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო. ვაცადოთ, ხომ იცით როგორი გამონათქვამია, ხუთი მარილი თუ არ შეჭამე იმ ადამიანთან მეგობრობა… აქედან გამომდინარე რაღაცები კიდევ გამოსაცდელია. რა თქმა უნდა, დიდ ფორუმზე გაგვიყვანა, მაგრამ მარტო ვილის არ გავუყვანივართ. ვილიმ უბრალოდ შეარჩია და ამ ბიჭებმა შეასრულეს. ეს ბიჭები რომ არ შეერჩია, ვერც ვილი გავიდოდა მაგ ფორუმზე და ვერც ეს ბიჭები ვერ მოხვდებოდნენ. ეს არის ყველას დამსახურება”, – ამბობს როინ ქოჩორაშვილი.
საქართველო მორიგი სასწაულის მოლოდინში. დიდი დღესასწაული გრძელდება და ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. ზუსტად ორ დღეში მთელი ქვეყანა 2 საათით გაჩერდება. ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გავლენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქოთ – ამბობს მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილი.
მეკარე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესპანელებს ბურთი არ გაატანინოს. ახლა მთელი ყურადღება თამაშზეა კონცენტრირებული. საქართველოს ნაკრები რევანშისთვის ემზადება, ქართველი გულშემატკივარი კი მორიგი ზეიმისთვის. უკვე ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ჩვენს გუნდს ათი ათასი ქომაგი ტრიბუნებიდან გაამხნევებს.