ბურთი მრგვალია, ამიტომ ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ – როინ ქოჩორაშვილი

შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის დამარცხებას? – გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი “პოლიტიკური ამბების” ეთერში ამბობს, რომ “ბურთი მრგვალია”, ამიტომ თითოეული ადამიანი პოზიტიურად და ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი.

როინ ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე ისტორია უკვე დაწერეს და მომავალშიც არაერთ წარმატებულ თამაშს აჩვენებენ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის მამა საბერძნეთის მაგალითს იხსენებს და დასძენს, რომ 2004 წელს დებიუტანტმა საბერძნეთმა ჩემპიონატის მოგება შეძლო, ამიტომ ქოჩორაშვილის თქმით, შეუძლებელი ახლაც არაფერია.

”მინდა მთელს საქართველოს მივულოცე ეს დიდი გამარჯვებები და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მაგარი ბიჭები ძალიან ბევრ და საუკეთესო შედეგებს გვაჩვენებენ წლების განმავლობაში. ამ ევროპის ჩემპიონატიდან რაც უნდა მიგვეღო, ის მიღებული გვაქვს უკვე. მე ვფიქრობ, რომ ესპანეთთან თამაშშიც არ გაჩერდებიან. ზოგიერთს რომ ეგონა, პორტუგალია არისო, ბურთი მრგვალია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილები, რადგან შედეგი დადებულია უკვე და ეს შედეგი შესაძლებელია, სენსაციად იქცეს მთელი ევროპის ჩემპიონატის. ჩვენ გვაქვს მაგალითები 2004 წლის, როდესაც ჩემპიონატი ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც შემთხვევით მოხვდა საერთოდ ჩემპიონატზე. საბერძნეთზეა საუბარია. ჩვენ შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. მინდა, რომ თითოეულ ფეხბურთელს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა შრომისთვის, თავდადებისთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბს და მეთორმეტე მოთამაშეს, ანუ, ქომაგებს, რომლებიც ყველაზე მაგარ მუხტს აძლევენ ფეხბურთელებს და მადლობა მთელ საქართველოს”, – ამბობს როინ ქოჩორაშვილი.

საქართველო მორიგი სასწაულის მოლოდინში. დიდი დღესასწაული გრძელდება და ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. ზუსტად ორ დღეში მთელი ქვეყანა 2 საათით გაჩერდება. ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გავლენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქოთ – ამბობს მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილი.

მეკარე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესპანელებს ბურთი არ გაატანინოს. ახლა მთელი ყურადღება თამაშზეა კონცენტრირებული. საქართველოს ნაკრები რევანშისთვის ემზადება, ქართველი გულშემატკივარი კი მორიგი ზეიმისთვის. უკვე ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ჩვენს გუნდს ათი ათასი ქომაგი ტრიბუნებიდან გაამხნევებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share