“მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან ითამაშეს, საქართველოს ნაკრებისთვის ავტორიტეტი არ არსებობს” – ამის შესახებ განცხადება გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა “პოლიტიკური ამბების” ეთერში გააკეთა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის მამა ამბობს, რომ 26 ივნისს ჩატარებული მატჩი დიდი შრომის და ერთიანობის შედეგია.
როინ ქოჩორაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მუხტი შეინარჩუნონ და ესპანეთის წინააღმდეგ ოპტიმისტური მოლოდინებით გაიმსჭვალონ.
”როგორც მშობლისთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც 4 საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩიეს და ერთ-ერთი გიორგი იყო. მაგრამ მე თუ მკითხავთ, არავის არ გამოვარჩევ, 26-ვე ფეხბურთელი ჩემთვის არის საუკეთესო. ხანდახან ძალიან მიჭირს მშობლის ამპლუაში ყოფნა, ისეთი რაღაცები გააკეთეს ბიჭებმა, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. ეს დიდი შრომის ფასად მოიტანეს აქამდე თითოეულმა მათგანმა და ამ მუხტს, ამ ურთიერთობას სჭირდება შენარჩუნება თითოეული ქართველისგან. მე მარტო ფეხბურთელებზე არ მაქვს საუბარი. ყველამ უნდა გავუფრთხილდეთ ამ სიტუაციას, რადგან ბიჭებს ძალიან მაგარი მუხტი აქვთ და ერთიანობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ”
როინ ქოჩორაშვილი საქართველო-პორტუგალიის თამაშს იხსენებს და აცხადებს, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელებისთვის პირველივე წუთებში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი დამაბნეველი იყო.
”11 წლის წინ ამ ბიჭებისთვის ეს იყო ლეგენდა და დღესაც ლეგენდად რჩება. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ მოიტანა ის, რომ თანასწორები იყვნენ იმ მოედანზე და ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდათ დაძლეული. ბიჭებმა ეს ბარიერი გადალახეს… პორტუგალიასთან მოგება ყველა მათგანის დამსახურება იყო. ხვიჩას სწრაფი გოლი იყო შოკი მათთვის. პირველივე ისეთი შოკი მოხდა პორტუგალიის თავს, რომ ორ წუთში გოლს არ ელოდებოდნენ, აქედან გამომდინარე ჩვენმა ბიჭებმა დაიჯერეს, რომ შესაძლებელი იყო. აგებენ, მერე რა მოხდა, რომ არიან ჩემპიონები, არის პორტუგალიის ნაკრები, მაგრამ არავის არ დაავიწყდეს, რომ ეს ბიჭები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ, მათთვის ავტორიტეტი არ არსებობს. მე ყოველ შემთხვევაში, ჩემს შვილზე ვამბობ, გიოსთვის მოედანზე ავტორიტეტი არ არსებობს. გიოსთვის ყველა მოთამაშეა. მესისთანაც ნათამაშები აქვს, რონალდუსთანაც ითამაშა და გიორგის ფსიქოლოგიას რომ ვიცნობ, მოედანზე არაფერი არ აინტერესებს. ყველასთან შევა ორთაბრძოლაში”, – ამბობს როინ ქოჩორაშვილი.
საქართველო მორიგი სასწაულის მოლოდინში. დიდი დღესასწაული გრძელდება და ეს საქართველოს ნაკრების დამსახურებაა. ზუსტად ორ დღეში მთელი ქვეყანა 2 საათით გაჩერდება. ეს იმ დროს, როდესაც ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გავლენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარს კიდევ ერთი დღესასწაული ვაჩუქოთ – ამბობს მატჩის წინ გიორგი მამარდაშვილი.
მეკარე, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესპანელებს ბურთი არ გაატანინოს. ახლა მთელი ყურადღება თამაშზეა კონცენტრირებული. საქართველოს ნაკრები რევანშისთვის ემზადება, ქართველი გულშემატკივარი კი მორიგი ზეიმისთვის. უკვე ცნობილია, რომ კიოლნის სტადიონზე ჩვენს გუნდს ათი ათასი ქომაგი ტრიბუნებიდან გაამხნევებს.