“დიდი პოლიტიკური ცენტრი იქნება” – რომელ პარტიებთან აქვს მოლაპარაკებები “ახალს”?

„რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“, – ამის შესახებ „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია „რეაქციაში“ საუბრობს.

გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ.

”მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაფორმდეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მხოლოდ პარტია „ახალმა“, არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება ე.წ. გეიმჩეინჯერის, ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ გირჩი-დროა, ლელო, ახალი – ეს ძალები იქნებიან დიდ პოლიტიკურ ცენტრში, გვარამია ამბობს, რომ ამ პარტიებს კარგად ესმით ერთმანეთის, თუმცა რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.

”ვინც დაასახელეთ, ამ ადამიანებს ერთმანეთის გვესმის, გვესმის კარგად, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის როგორ უნდა დავლაგდეთ წინასაარჩევნოდ, რა უნდა იყოს ნომერი, რა უნდა იყოს სახელი – არცერთი ეს საკითხი არ არის გადამწყვეტი და იმგვარი, რომელიც ჩააგდებს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანს – ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას და მგონია, რომ ამაში ჩვენი ერთობა იქნება გადამწყვეტი,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

რაც შეეხება, “ევროპულ საქართველოს”, ნიკა გვარამიას თქმით, ამ დიდ პოლიტიკურ ცენტრში “ევროპული საქართველოც” მოიაზრება, თუმცა “ეს მათ უნდა ჰკითხოთ”.

”ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ ასევე მოვიაზრებთ. „ევროპულ საქართველოს“ საკმაოდ დინამიური განვითარება აქვს პლიუს ნიშნით – ციფრები გვაჩვენებს ამას. ჩვენ ვხედავთ, რა განვითარება აქვს ამ პარტიას, ვხედავთ, რომ რაღაც ღონე იგრძნობა, იგრძნობა იდეები, მზაობა, მაგრამ არსებობს მზაობა იმისთვის, რომ კონკრეტული მიმართულებებით ხედვები ამ ხალხს აქვს. გამორიცხვით არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არსებობს განხეთქილების წერტილები, განსაკუთრებით ეს ფორმას შეეხება – კამპანია როგორ უნდა მიმდინარეობდეს. „ევროპული საქართველოს“ პროგრამა წაკითხული მაქვს, ვეთანხმები ბევრ რამეს, ბევრ რამეს არ ვეთანხმები, შინაარსები მათ აქვთ, დაშვების დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ,“ – ამბობს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share