“საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს” – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა რისკის ქვეშ დააყენა.
”ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს”, – წერს პრეზიდენტი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.