თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უახლოეს წინასაარჩევნოდ, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ;;კვირის პალიტრას” ესაუბრა:
”ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და სოციოლოგიური კვლევის გარეშეც ნათელია სიტუაცია. არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასე მკაფიოდ არ ყოფილა ჩამოყალიბებული ოპოზიციური ამომრჩეველი.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა დაასრულონ ორჭოფობა, იმისდა მიხედვით კი არ უნდა გადაჯგუფდნენ, ვინ ვის არ ელაპარაკება, ვინ ვის უყვარს ცალმხრივად და ვინ ვისთან უფრო კარგად გრძნობს თავს, ელექტორატის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.
ჩემი აზრით, ყველაზე მართებული იქნება, თუ ოპოზიციურ ფლანგზე სამი დიდი ბლოკი იქნება: “ნაციონალური მოძრაობა”, “ახლები” და “ლელო”, პლუს გახარია და წვრილ-წვრილი პარტიები. წვრილ პარტიებს, რა თქმა უნდა, სიებთან დაკავშირებით ვერ ექნებათ ისეთივე პრეტენზიები, როგორიც მსხვილ პარტიებს. აქაც მარტივად არის საქმე – წვრილი პარტიებიდან ე.წ. გამსვლელ სიაში უნდა იყოს ყველა პარტიის ლიდერი, შემდეგ ვისაც როგორ მოუწევს.
ეს ძალიან მარტივი სქემაა და არ სჭირდება ამდენი გაჯანჯლება. მათგან განსხვავებით, ივანიშვილს თავის დროზე პოლიტიკური წონაც მეტი ჰქონდა და ხალხის ნდობაც, მაგრამ ერთი წლით ადრე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. სააკაშვილის გუნდიც ერთი წლით ადრე ჩამოყალიბდა, 2003 წლის არჩევნებისთვის. არადა, 2003 და 2012 წლებში, დღევანდლისგან განსხვავებით, ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი იყო. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციურ პარტიებს გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ წინასაარჩევნოდ მზადება. მხოლოდ ტელეეთერში საუბარი საკმარისი არ არის. ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ გადაჯგუფება-პოზიციების საბოლოოდ შეთანხმებას “ქართული ოცნებაც” ელოდება, მთელი რიგი პროპაგანდისტული, წესიერი თუ უწესო ქმედებები აქვს დაგეგმილი. არც 2020 წლის არჩევნები იყო მაღალი სტანდარტის, მაგრამ ეს იქნება ყველაზე ბინძური არჩევნები, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. ამიტომ დროზე უნდა გაინძრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რათა ოპოზიციონერი ელექტორატი მაქსიმალურად აითვისონ.
სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა დასავლეთსა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციით, არამედ როგორც ხელისუფლის როლით. ამასთან, არა მგონია, ოპოზიციურ ელიტას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდეს, მით უფრო იმ მოცემულობაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თავისი ანტიდასავლური რიტორიკით შექმნა. ხომ მოისმინეთ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ. “ქართულმა ოცნებამ” თავისი უგუნური პოლიტიკით საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად,
დასავლეთი ოპოზიციასთან ურთიერთობაში დაბრკოლებას არ შექმნის და ყველანაირად მხარს დაუჭერს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
დასავლეთი არჩევნებში არასდროს არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მისთვის არჩევნების სწორად ჩატარებაა მთავარი. ამიტომ არჩევნებში ერეოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მმართველი ძალის ჩატარებულ არჩევნებს ეჭვით უყურებდნენ. ამ მოტივით ჩაერივნენ როგორც 2003 წლის, ასევე 2012 წლის არჩევნებში და კარგად მოიქცნენ, მათი წყალობით ავცდით სამოქალაქო დაპირისპირებას. მმართველი ძალა არც ამ არჩევნებზე გამოიყურება სანდოდ, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს – ვერც ოპოზიციაა წელში გამართული. 2020 წელს ოპოზიცია არ იყო დამაჯერებელი, როდესაც ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა. რატომ ვამბობ ამას? პოლიტიკური პარტიები იმდაგვარად უნდა გამსხვილდნენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შინაურისთვისაც სარწმუნო იყოს და გარე დამკვირვებლისთვისაც.
ხელისუფლება შეეცდება, რაც შეიძლება მეტი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩეს და შეაგროვოს მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 მანდატი. ამიტომ ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის სრული ათვისება და ამასთანავე, ხალხიც დაარწმუნოს, რომ ნამდვილად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. დრო სჭირდება ამ ყველაფერს და არ ვიცი, რას აპირებენ.
ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა”, “ახლები” და “ნაცური” პატარ-პატარა პარტიების ერთად დაჯგუფება ყველაზე პრაგმატული გამოსავალი იქნება. ასევე ძალიან კარგი იქნება “ლელოსა” და გახარიას პარტიების გაერთიანება, ხოლო თუ მათ ელისაშვილისა და ანა დოლიძის, ასევე სხვა “არანაცური” პარტიებიც დაემატებიან, ეს იქნება შუაშისტური ყველაზე დიდი გაერთიანება, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს მმართველ გუნდს.
– დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალთა როგორი ბალანსი შეიძლება იყოს 2024 წლის პარლამენტში?
– ალბათ, პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, 76 მანდატის მოგროვებას და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას შეძლებს. მთავარია, ოპოზიციას ამ ზაფხულში არ ჩაეძინოს და სწორად იმუშაოს.”