“გალში აფხაზები გვიკრძალავენ არა მარტო ქართულად სწავლას, არამედ სკოლის დერეფანში ქართულად ლაპარაკსაც კი… სკოლაში იძულებით რუსულად, შემდეგ კი სახლში მალულად ქართული წიგნებით ვმეცადინეობთ… ყველა მომდევნო თაობას ქართულად წერა და აზრის გადმოცემა უფრო და უფრო უჭირს… გვითხრეს, რომ წელსაც უგამოცდოდ ჩაგვრიცხავენ, მაგრამ მე ეროვნულებს მაინც ვაბარებ, არ მინდა მითხრან, რომ არ მეკუთვნოდა და რომ არა შეღავათი, სტუდენტი ვერ გავხდებოდი… არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა”, – ამბობენ ოკუპირებული გალის სკოლების ქართველი მოსწავლეები და “კვირის პალიტრას” უამბობენ, რა ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მშობლიურ ენაზე აფხაზებისგან მალულად მიიღონ განათლება და ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლონ… წლებია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ზეწოლითა და მუქარით, ზოგჯერ კი დაყვავებითა და დაპირებებით დაიყოლიოს გალელი მოსწავლეები, რათა უმაღლესი განათლების მისაღებად ენგურს გამოღმა არ წამოვიდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებში გალელ ახალგაზრდებს რევანშისტებად ამზადებენ და ამის“მოსაგვარებლად აფხაზებმა აკრძალეს ქართულად სწავლა, ქართული სახელმძღვანელოების შეტანა. მკაცრად აკონტროლებენ, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილებზე ბავშვებს ქართულად არ აუხსნან საგანი, ასევე აკრძალულია გაკვეთილის გარეთ ეზოებსა თუ დერეფნებში ქართულად საუბარიც. ამასთან, შეთავაზებებიც კეთდება – თუკი ქართველი ახალგაზრდები სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, საფასურს არ გადაიხდიან და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავენ. მიუხედავად ამისა, თავად დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სოხუმის უნივერსიტეტში მხოლოდ 30-მდე ქართველია ჩარიცხული. გალელი მოსწავლეების აბსოლუტური უმეტესობა კი, დიდი წინაღობების მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ.2020 წლიდან ოკუპირებული გალიდან და ახალგორიდან აბიტურიენტები ქართულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, მხოლოდ აგვისტოში განაცხადის შევსებაა საჭირო.
“აფხაზებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს, რომ თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წავსულიყავით!”
გიორგი, სტუდენტი: “აფხაზეთში წლებია სწავლება რუსულად მიმდინარეობს. ქართულს, როგორც უცხო ენას, კვირაში მხოლოდ 2-3 საათი აქვს დათმობილი. ჩემ შემდეგ თაობას ქართულად ლაპარაკი უჭირს, რადგან მშობლიურ ენაზე განათლებას ვერ იღებს, მხოლოდ ფარულად სწავლობენ. სახლში ქართულად და უფრო მეგრულად, სკოლაში კი რუსულად ლაპარაკობენ… მე სკოლა 2019 წელს დავამთავრე, მაშინ გამოცდას ვაბარებდით და ძალიან სტრესულად მახსენდება, რაც გადამხდა. მე და ჩემი მეგობრები მთელი წელი ზუგდიდში ვემზადებოდით. გამოცდების დრო რომ მოახლოვდა, ზუგდიდში ვიყავით, მაგრამ გალში სკოლის გამოსაშვები ზეიმი დაიგეგმა და ყველას შემოგვითვალეს, რომ აუცილებლად უნდა დავსწრებოდით, ამიტომ 27 ივნისს ყველა გალში ჩავედით. საღამოს გამოგვიცხადეს, რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა და თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წახვალთო. იყო ტირილი და დიდი ნერვიულობა. როგორია მთელი წელი იწვალო, მომზადების გამო ზუგდიდსა და გალს შორის დადიოდე და გეუბნებიან, არ გაგიშვებთო. ხმაური ატყდა მედიაშიც, საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა განცხადებით, თუმცა შედეგი არ ყოფილა. დავიწყეთ გეგმის შედგენა, როგორ გადავპარულიყავით ზუგდიდში. 29 ივნისს 8 ბავშვი შევიკრიბეთ, ავიკიდეთ ზურგჩანთები და დავიძარით ჩვენი სოფლის ბოლოს გაბმული მავთულხლართებისკენ. შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო რუსი ჯარისკაცი და დავეჭირეთ. მავთულხლართების სიმაღლე 3 მეტრია და ვერ გადაძვრები. ნახევარი საათი ვეძებდით ადგილს, რომელსაც გავარღვევდით და გადასვლას შევძლებდით. ერთ ადგილას მიწასა და მავთულხლართს შორის გასაძრომი ადგილი ვიპოვეთ და ეს გამოვიყენეთ. ჯერ გოგოები გავუშვით. ერთმა ბიჭმა ხელიც გაიჭრა, სისხლდენას ვერ ვუჩერებდით, პერანგით გადავუხვიეთ. იმდენად ღრმა იყო ჭრილობა, რომ ზუგდიდში ნაკერები დაადეს. მავთულხლართების იქით ტალახში ჩავცვივდით, მაგრამ მაინც გავედით. შემდეგი წინაღობა მდინარე ენგური იყო. თავთხელი მოვძებნეთ და დავიწყეთ გადასვლა, მაგრამ დინება ძალიან სწრაფი იყო. არ ველოდით ამას, ნაწილმა ცურვაც არ იცოდა და ასე, შიშით გადავლახეთ მდინარე გალუმპულებმა და ტალახში ამოსვრილებმა.
“მასწავლებლებს ხშირად ამოწმებენ, ქართულად ხომ არ გვიხსნის გაკვეთილს”
მარი, აბიტურიენტი: “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავედი, ცოდნის შემოწმება მინდოდა. არ მინდა ვინმემ დამაყვედროს, რომ არა შეღავათი, სტუდენტი ვერ გახდებოდიო. თუმცა შეღავათი გალელ ბავშვებს გვჭირდება. არაოკუპირებულ ნაწილში სკოლადამთავრებულებს ვერც წარმოუდგენიათ, რა წნეხში ვართ გალში. ქართული წიგნები აკრძალულია, ამიტომ მალულად გადაგვაქვს დე ფაქტოსაზღვარზე. სკოლაში მუდმივად შემოწმებებია, ქართულად ხომ არ არის გაკვეთილები. 11 წელი მტრის ენაზე იძულებით გვიწევს განათლების მიღება. ქართულად სწავლას ძლივს ვახერხებთ რეპეტიტორებთან.
მე ზუგდიდში ვემზადებოდი. მთელი კვირა სკოლაში რუსულად ვსწავლობდი საგნებს, პარასკევს სკოლის შემდეგ კი ზუგდიდში მივდიოდი და ქართულად ვმეცადინეობდი. პარასკევ-კვირას ფორსირებულად სამ საგანში მომზადება მიწევდა. კვირას ისევ აფხაზეთში ვბრუნდებოდი. სკოლის გაცდენა დაუშვებელია, პრობლემებს გიქმნიან. ყველას არა აქვს ზუგდიდში მომზადების შესაძლებლობა, ამიტომ ზოგი გალში ემზადება. ჩვენთანაც კარგი მასწავლებლები არიან, თუმცა იმ თანამედროვე წყაროებს არიან მოკლებული, რასაც ენგურს გამოღმა რეპეტიტორებისგან სწავლობ. ზოგს რეპეტიტორების ფული არა აქვს, ასეთ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ დახმარება”.
“აფხაზები მეგრულად ლაპარაკს უფრო იტანენ, ვიდრე ქართულს”
ლიზა, აბიტურიენტი: “სკოლა წელს დავამთავრე. კლასში სულ 14 ბავშვი ვიყავით და ყველა გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ეროვნულ გამოცდებზე არ გავდივარ, უგამოცდოდ ჩასარიცხად უნდა დავრეგისტრირდე. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ვემზადებოდით აქ, სოფელში, ჩვენს მასწავლებლებთან. ქართულად ცალკე მომზადება ყველას გვჭირდება, რადგან ქართულად საგნების კარგად გააზრება გვიჭირს.
სკოლის გამოცდებსაც რუსულად ვაბარებთ მე-9 და მე-11 კლასებში. წელს 5 გამოსაშვები გამოცდა გვქონდა: ალგებრა, რუსული წერა და ზეპირი, აფხაზური ენა და აფხაზური ისტორია. ძალიან რთულია ეს ჩვენთვის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. აქ ძალიან დიდი კონტროლია სკოლაში, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილები ქართულად არ ჩაატარონ, ზოგჯერ კომისია მოდის და გაკვეთილებზე გვესწრება. დასვენებებზეც კი ვერ ვლაპარაკობთ ქართულად, რადგან მასწავლებლებს საყვედურს უცხადებენ და დაკითხვას უტარებენ. მეგრულად ლაპარაკს იტანენ, ვიდრე ქართულს. ქართული წიგნები მალულად გადმოგვაქვს საზღვარზე. ვისაც სწავლა უნდა, თავდაუზოგავად შრომობს, ხოლო ვისაც უბრალოდ გაძრომა სურს უგამოცდობის გამო, მათი ნაწილი ვერც ამთავრებს უნივერსიტეტს, რადგან შემდეგ ქართულად სწავლა უჭირს”.
“კარგია, რომ გამოცდის გარეშე შეუძლიათ თბილისში ჩაბარება”
ლია, მშობელი: “მე სამი შვილი მყავს. მე-7, მე-8 და მე-10 კლასებში. სოფელ საბერიოს სკოლაში დადიოდნენ, იქ წლებია სწავლება რუსულადაა და ბავშვებს ძალიან უჭირდათ გაკვეთილის გაგება, თან სკოლამდე შორი გზა ჰქონდათ გასასვლელი. ამის გამო წელს ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად. რთულია, როცა სკოლაში რუსულად უნდა იზეპირონ გეოგრაფია, ქიმია თუ აფხაზების დაწერილი ისტორია, გამოცდებიც რუსულად უნდა ჩააბარონ, პარალელურად კი ქართული უნივერსიტეტისთვის ქართულადაც ისწავლონ. კარგია, რომ გამოცდის გარეშე შეუძლიათ თბილისში ჩაბარება, თუმცა თუ არ მოემზადე ქართულად საგნებში, უნივერსიტეტში სწავლა მაინც ყველას უძნელდება.
სკოლის გამო ჩემი სოფლიდან 25 ბავშვია ზუგდიდში გადმოსული. თუ გინდა შვილს სრულფასოვანი განათლება მისცე, სხვა გზა არ გრჩება. ფაქტობრივად, სოფლებიც იცლება. ნელ-ნელა ყველა აპირებს შვილების განათლების გამო დატოვოს სახლ-კარი გალში. ვინც აფხაზეთში რჩება, ისინიც ქართულად ემზადებიან, მაგრამ იქ უფრო რთულია. ორმაგი დატვირთვა აქვთ გალელ ბავშვებს, რუსულადაც უნდა ისწავლონ საგნები და ქართულადაც. თბილისში განათლებამიღებულები გალში აღარ ბრუნდებიან. ვერც გაამტყუნებ, რადგან გალში უპერსპექტივო ხარ, უუფლებო”.
“ენის ბარიერის გამო უმაღლესში ბევრს უჭირს სწავლა”
ნონა შონია, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: “აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან დიდი წნეხია, რომ ქართველმა მოსწავლეებმა სწავლა აფხაზეთის უნივერსიტეტში გააგრძელონ, თუმცა ბავშვები მაინც ქართულ უნივერსიტეტებს ამჯობინებენ. ქართველი აბიტურიენტებისთვის ძალიან რთულია აფხაზეთში სწავლა ენობრივი ბარიერის გამო. ბავშვებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების მიღება, არ ისწავლება საქართველოს ისტორია, მხოლოდ რეალობადამახინჯებული აფხაზეთის ისტორია რუსულ ენაზე. უფრო მეტიც, მოსწავლეებს არათუ გაკვეთილებზე, სკოლის ეზოშიც კი ეკრძალებათ ქართულად საუბარი.
მე-11 კლასელებისთვის გვაქვს ონლაინგაკვეთილები, სკოლის შემდგომ მალულად ემზადებიან, რათა შემდეგ ენგურს აქეთ სწავლის გაგრძელება შეძლონ. მათ ხელს უწყობს უგამოცდოდ ჩარიცხვის პროგრამაც. თუმცა ამ პროგრამას უარყოფითი შედეგები აქვს. ქართულად დამატებით მომზადების მოტივაცია ნაკლებია და ჩარიცხვის შემდეგ ბევრს უჭირს სწავლა ენის ბარიერის გამო. ზოგს სტატუსი უჩერდება და დაფინანსებაც ეკარგება. რთულია, 11 წელი იძულებით რუსულად გიწევდეს სწავლა, სკოლის შემდეგ კი უნივერსიტეტში ყველაფერი ქართულად ისწავლო. თუმცა იგეგმება სკოლის შემდგომი განათლების პროგრამა, ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი. გალში სწავლა 11-წლიანია და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ბავშვები ამ კურსს გაივლიან, მიიღებენ სტიპენდიას და სტუდენტური საცხოვრებლით დახმარებას, ქართულად მომზადების შემდეგ კი შიდა გამოცდებით შეძლებენ სწავლის გაგარძელებას ვფიქრობ, მოსამზადებლები შემოდგომიდან გაიხსნება ნაწილი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ნაწილი ზუგდიდში, მესხიას უნივერსიტეტში”.
“წელს ქართული სკოლები მხოლოდ 16-მა ბავშვმა დაამთავრა”
სოსო ცოტნიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი: “ახალგორში არის 2 სკოლა, ერთს ქართულს, მეორეს – რუსულს ვუწოდებთ. რუსულ სკოლაში სწავლება მთლიანად რუსულ ენაზეა. მეორე სკოლაში წელს მე-11 კლასში საგნები ქართულად ისწავლებოდა, თუმცა სექტემბრიდან სწავლება აქაც რუსულ ენაზე გადავა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ისე ჩატარდება, როგორც უცხო ენის. ახალგორის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფელში, იკოთში, ბალაანში, კორინთასა და ზემო ბოლში 4 სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი იმავე რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ახალგორის ქართულ სკოლაში.
2023-2024 სასწავლო წელს ზემოაღნიშნულ სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 136 ბავშვს შეადგენდა. აქედან 16-მა მოსწავლემ წელს დაამთავრა ზოგადი განათლების სრული კურსი. ქართული სკოლის კურსდამთავრებულები, ძირითადად, სწავლას თბილისში აგრძელებენ. მათთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ორი გზა არსებობს: ეროვნული გამოცდების ჩაბარება და უგამოცდოდ ჩარიცხვა. სახელმწიფო სასწავლო გრანტი აქვს ყველა ჩარიცხულ სტუდენტს. თუმცა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე ერთი სტუდენტი დამატებით ყოველთვიურ 300-ლარიან სტიპენდიას იღებს. რუსული სკოლის კურსდამთავრებულების ძირითადი ნაწილი სწავლას ცხინვალში ან რუსეთის ფედერაციაში აგრძელებს. ახალგორში შეიმჩნევა სამწუხარო ტენდენცია – იკლებს ქართულ სკოლაში პირველკლასელთა რაოდენობა. მაგალითად, 2023-2024 სასწავლო წელს ახალგორის ქართულ სკოლაში სწავლის დაწყების მსურველი არ ყოფილა, ხოლო რუსულ სკოლაში 10 პირველკლასელი იყო.
გალსა და ახალგორს შორის ერთი პრინციპული განსხვავებაა – როდესაც გალის რაიონში დევნილობა დაიწყო, არაოკუპირებულ საქართველოში პირობები უარესი იყო, ვიდრე აფხაზეთში – სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა დევნილებს გალში დასაბრუნებლად. ამიტომაც გალში 3000-ზე მეტი მოსწავლეა, ახალგორში კი სხვა სიტუაციაა. ოკუპაციის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ახალგორი. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ახალგორელი ყველა დევნილი დაკმაყოფილდა ბინით, მათ კოტეჯები აუშენეს. დიდი სკოლა გაიხსნა წეროვანში და ამიტომ ოჯახების უმეტესობამ არჩია არაოკუპირებულ საქართველოში ცხოვრება და შვილებისთვის განათლების ქართულად მიცემა. დღეს დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი წეროვნის დევნილთა დასახლებაშია, ნაწილი კი – მცხეთის მუნიციპალიტეტის ფრეზეთის დასახლებაში”.
ახალგორი
ახალგორის სკოლადამთავრებულების ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:
2020 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში სკოლა დაამთავრა 13-მა მოსწავლემ, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხა – 12;
2021 წელს დაამთავრა 15-მა, ჩაირიცხა – 13;
2022 წელს დაამთავრა 12-მა, ჩაირიცხა – 8;
2023 წელს დაამთავრა 8-მ, ჩაირიცხა – 2.
2024 წელს საშუალო სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა.
გალი
გალის სკოლადამთავრებულების ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:
2020 წელს სკოლა დაამთავრა 348 მოსწავლემ, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხა – 284;
2021 წელს დაამთავრა 322-მა, ჩაირიცხა – 263;
2022 წელს დაამთავრა 313-მა, ჩაირიცხა – 222 (მათ შორის ეროვნული გამოცდით ჩაირიცხა 4);
2023 წელს დაამთავრა 320-მა, ჩაირიცხა – 234 (გამოცდა ჩააბარა 9 აბიტურიენტმა);
2024 წელს დაამთავრა 274-მა მოსწავლემ.
კვირის პალიტრა