„იმის გამო, რომ ვიდექი აქციებზე, რამდენჯერმე საჯაროდ გავაკრიტიკე ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენი მთავრობის მიერ ხდებოდა, ამის გამო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში“, – ამის შესახებ „დღის ამბებთან“ ნიკოლოზ რაჭველი საუბრობს.
რაჭველი ვარაუდობს, რომ მისი კრიტიკული განცხადებების გამო საქართველოში მისი კონცერტების რაოდენობა შემცირდა.
რაც შეეხება, არჩევნებზე მის როლს, ნიკოლოზ რაჭველი მზადაა, რომ ტრენინგი გაიაროს და არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად დარეგისტრირდეს.
”ყველაზე კარგად ალბათ, გამომდის ჩემი საქმე და მუსიკა და სცენაზე ყოფნა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვუჭერდი მხარს იმ მოძრაობებს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვიდექი აქციებზე, რამდენჯერმე საჯაროდ გავაკრიტიკე ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენი მთავრობის მიერ ხდებოდა, ამის გამო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში, ამიტომ, არ ვიცი, შეიძლება ამ მხრივ წინააღმდეგობები გაგრძელდეს არჩევნებამდე, შეიძლება კარდაკარ სიარულშიც ჩავერთო.
დღეს გამოვთქვით აზრი, რომ რატომ არ შეიძლება ჩავაწეროთ იმ პროგრამაში, რომელიც არის ახალგაზრდა ელჩები ევროპის, ამიტომ ჩვენც დავტრენინგდებით და სიამოვნებით გავნაწილდებით საარჩევნო უბანზე, რომ დავიცვათ საარჩევნო ხმები,“ – ამბობს რაჭველი.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში სხვადასხვა პლატფორმა იქმნება. მომავალი თაობა, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები გადამწყვეტი არჩევნების წინ ერთიანდებიან.
დღეს, სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას” ერთ-ერთი დამფუძნებლმა, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ დაიწყება ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის – “საქართველოს ევროპული ელჩები”, სადაც დარეგისტრირდებიან ახალგაზრდები მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იქნება 26 ოქტომბერს, “არც ერთი ევროპული ხმა სახლში არ დარჩეს”.
ხვალ კი “ხმების გუშაგის” პრეზენტაციაა დაგეგმილი. ორგანიზაციის მიზანი ამ შემთხვევაშიც ხმების დაცვაა.