ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს მომზადდა, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წელს დაიწყო ფიზიკური სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია მაყურებელთა დარბაზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის დეკორატიული ელემენტებისა და მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, სახურავის რეკონსტრუქცია, ფასადების რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების გამოცვლა, ეზოს კეთილმოწყობა. სამუშაოებისთვის გამოყოფილია 2,565,070 ლარი.
ამ ეტაპისთვის განხორციელებულია დარბაზის პარტერში და იარუსებზე არსებული სკამების დემონტაჟი, ასევე, მოხსნილია ძველი, ამორტიზებული იატაკი და მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლების მონახულების შემდეგ გადაწყდა.
სოფელ შრომის კულტურის სახლი გამორჩეული არქიტექტურული შენობაა, რომელიც 1956 წელს აშენდა. შენობა დეკორატიული ელემენტებით შემკული ფასადებით ხასიათდება. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამოირჩევა კულტურის სახლის დარბაზი, მასშტაბურია სოცრეალიზმის სტილში შესრულებული პლაფონის ცენტრალური მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ასახავს ცის ფონზე წარმოდგენილი გურული გლეხების ყოფით სცენებს.
რეაბილიტაციის შედეგად სრულად იქნება შენარჩუნებული/აღდგენილი ძეგლის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.