”ბახმაროდან დაბრუნებულებს ერთი ათი დღით აუცილებლად წაგვიყვანდენ ზღვაზე” – ზურა შევარდნაძე

”ბახმაროდან დაბრუნებულებს ერთი ათი დღით აუცილებლად წაგვიყვანდენ ზღვაზე, წყალწმინდაზე.
ბაბუას ძველი დროიდან დამეგობრებული სტარავერების ოჯახი ჰყავდა ურეკში. ჩვენს ბავშვობაში დიდი ხის მესერით შეღობილ ეზოში მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მთლად ზღვის პირზე, ისე ახლოს, რომ ტალღების ხმა ოთახში ისმოდა. ეზოში ორი პარა აივნიანი სახლი იდგა, ერთში თითონ ცხოვრობდენ მეორეში ჩვენ დაგვაბინავებდენ. კედლები შიგნიდანაც და გარედანაც კირით იყო შეთეთრებული, პატარა ფანჯრები და დარაბები შაბიამნისფრად შეღებილი. ბაბუა გვიხსნიდა, რომ “აგენი რუსეთიდან გამოქცეული მორწმუნე, საწყალი ხალხია, აქანე, მთლად ზღვისპირზე დასახლების უფლება მისცეს იმ პირობით რომე ერთ სართულიანზე მაღალ სახლებს არ ააშენებენ, დადგენ ამსალაკა და მას მერე არიენ, შრომობენ მისდა, სხვასაც არგიენ და მის თავსაც.”
სტარავერები გაზაფხულზე ურეკიდან ოზურგეთის ბაზარზე ჩამოდიოდენ, ბოსტნეულის ჩითილები და თესლები ჩამოქონდათ გასაყიდად, აქიდან იცნობდა ალბათ ბაბუა ასე ვფიქრობ. ჩვენ მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდით და ისინი ჩვენსაზე, მარტო ბაბუა ელაპარაკებოდა ჯარში ნასწავლი რუსულით, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს ჩვენს უცნაურ მეგობრობას. რაღაცნაირი გაუგონარი “ღ” ებიანი რუსულით მეტყველებდენ და სულ ილოცებოდენ: “ღოსპოდი, პამილუი ი სახრანიი..”
ეზოს ჭიშკრის, მხარეს, ქუჩიდან ჰორტენზიების ღობეზე მაღალი, ბუჩქები ჰყოფდა. ბოსტანს გაივლიდი, გახსნიდი სახელდახელო ჭიშკარს და იყავი ზღვის ნაპირზე. ჭიშკართან ღელვის დროს ზღვის გამორიყული კუნძები და ბევრი შეშა ელაგა ზამთრისთვის.
ჭიშკრიდან სახლებამდე წვრილი, ქვიშიანი ბილიკებით მიხვიდოდი, ეზოში დანარჩენი ადგილი სულ ეჭირა სარებზე ახვეულ ბულგარული წიწაკას, პამიდორს, კიტრს, ბადრიჯანს. კვლებში ეთესა მწვანილები, ღობის კიდეებში პიტნა, ღობეებზე ბამბა ხაპები, სახლების წინ ბევრი იყო ჭრელ-ჭრელი გიორგინა.
მასპინძელი კაცი ჩია, წვერებიანი მოხუცი იყო, წელში გამართული სულ უმკლავო მოსაცმელით და თეთრი პერანგით – “ბატუშკა” ასე მივმართავდით, ასე ვინობდით რატომღაც. მეთევზე იყო, სახლიდან შუაღამეს გადიოდა და გამთენიას ბრუნდებოდა ტყავის ჩანთით, მტკავლიანი კეფალები მოქონდა და შემოგვიდგამდა თასით აივანზე.
“ბაბულია”, ჩვენი მასპინძელი ქალი სულ წელში მოხრილი ბოსტანში მუშაობდა, საოცრად ჰქონდა მოვლილი იქაურობა. ბებია ამბობდა ბაბულიას ბოსტანზე: “დაგელოცა ღმერთო სამართალი, ჩემსას მიწაში არ შობა და აგერ სილაში, თლად სილაში რა ამბავს ათენებს აი მალაზონი თუ ხედავ შენ?!” და ამეიგმინებდა..
 საღამოობით, რომ აგრილდებოდა აავსებდა ოთხთვალა ხის “კალიასკას” ახალმოკრეფილი ბოსტნეულით და მწვანილით, გადმოაგორებდა ეზოს გადაღმა, ჭიშკართან და და დამსვენებლებზე ყიდდა. რათქმაუნდა ჩვენ სულ თან ვახლდით და ვასისტენტობდით. ოი როგორ გვიხაროდა თუ მანქანა გაჩერდებოდა და ბაბულიას კიტრებს, პამიდორებს და გიორგინის კონებს უხვად იყიდდა ვინმე. ბაბულიაც არ დააყოვნებდა : “ღოსპოდი, პამილუი ი სახრანიი..” ეს იყო მადლობაც, ბოდიშიც, მოფერებაც, გაწყრომაც, მობძანდიც, ნახვამდიც..
მათ სახლში შეჭყეტვასაც არაფერი გვერჩივნა. ჭერი დაბალი, კუთხეში დიდი, აგურის, თეთრად, კირით შეღებილი ღუმელი, პატარა ფანჯრებზე თეთრი ბამბის ფარდები. ოთახის კუთხეში ვერცხლის და ფერადი ქაღალდის ყვავილებით მორთული დედახვთისმშობლის ხატი, ხატს გადმოფარებული ჰქონდა თეთრი გახამებული, დაქარგული ტილოები, წინ სულ იდგა მინის ჭურჭელში ანთებული კანდელი. ბაბულია და ბატუშკა შუადღეს სადილის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდენ. საწოლები დაზვინული იყო ქვეშაგებით და ამ უსაშველოდ მაღალ საწოლებზე ოთხი, ხუთი ექვსი სხვადასხვა ზომის ბალიში იყო ახოხოლებული.
ჩვენი სახლი, რომელსაც 200 მანეთად მოგვაქირავებდენ ხოლმე სულ ერთი ოთახი და აივანისაგან შედგებოდა, ოთახი ამოვსებული ნიკელის საწოლებით, სამივე მხარეს პატარა ფანჯრებით. აივანი იყო სამზარეულო, ეზოში, ოთხ ტილოშემოფარებულ ბოძზე შემოდგმული კასრი იყო აბაზანა..
ბაბულია ჩვენც დაუნანებლად მოგვიკითხავდა არჩეულ ბოსტნეულს, დედა და ბებია ვალში არ დარჩებოდნენ და თასს ტკბილეულიდ ავსებულს უბრუნებდნენ. ბებია რომელიც მხოლდ იქ გვინახავს მუხლებამდე კაბაწამოწეული ზღვაში მუხლებამდე ჩამდგარი ასე უსიტყვოდ უენოდ ემეგობრებოდა ბაბულიას, ყიდულობდა პამიდორის თესლებს ხანდახან ეხმარებოდა თესლის გამოღებაში საღამოობით ის თავის “ღ” ენაზე ელაპარაკებოდა და ბებია ჩვენებური, გურული ქართულით. ბაბულიას ერთი ბიჭი შვილი სადღაც შორს ჰყავდა სულ ენატრებოდა და როცა მასზე გვიყვებოდა თვალები უცრემლიანდებოდა. ბებია ანუგეშებდა: “არ იდარდო შენ ბაბულია, მუა იგი, აუცილებლად მუა, თქვენფერ კას დედ-მამას არ დატიებს არაფერობამდე, მუა დასტურ მუა, ნუ გეშინია..” ბაბულია გადმოკარკლავდა კურცხალს ვითომ რამე გაიგო.
გუშხამ გავიარე ბაბულიას სახლთან, სახეზე ხელების აფარება მომინდა. დიდი, ბეტონის ოთხკუთხედი შუშის აივნებიანი სახლები აუშენებიათ.
აღარც ბაბულიაზე და ბატუშკაზე იცის იქ ვინმემ რამე.
მინდა მჯეროდეს, რომ შვილმა ჩამოაკითხათ და წაიყვანა.
ბებიას სჯეროდა, რომ მარილიანი წყალი არგებს კაცს, ქალს, აკაჟებს ბაღანას… ეს არ ვიცი მაგრამ იქ მიღებული სითბო უბრალოების მადლი, რომ ადამიანის სულს არგებს ნამდვილად ვიცი.
“ღოსპოდი პამილუი ი სახრანიი..” – წერს სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share