გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – „რომ დალევდა, თავს ვერ აკონტროლებდა“

გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ირგვლივ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. 8 აგვისტოს 66 წლის თემურ სარჯველაძე საკუთარ ფერმაში ხელ-ფეხ შეკრული და წამებით მოკლული იპოვეს. დანაშაული მაშინვე აღიარა მოკლულის კლასელის შვილმა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, 38 წლის დავით ტუღუშმა. უფრო მეტიც, გამოძიებით ირკვევა, რომ მან ოჯახის ახლობელი ჯერ საკუთარ ფერმაში მოტყუებით წაიყვანა, სადაც იქეიფეს და ამის შემდეგ  სასტიკად გაუსწორდა. 

ადგილობრივები  მკვლელობის მიზეზთან დაკავშირებით ორ ვერსიას ყვებიან. ერთის მიხედვით წარსულში ტუღუშის ბაბუამ სარჯველაძეს მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, ახლა კი ახალგაზრდა კაცი მოკლულს ედავებოდა, რომ მიწა იაფად იყო გაყიდული და ფული უნდა დაემატებინა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დაპირისპირება მათ შორის ამის გამო მოხდა, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ნავარჯიშევმა და გამოცდილმა სპეცრაზმელმა ასევე ფიზიკურად საკამოდ ძლიერი თემურ სარჯველაძე გაკოჭა, შემდეგ კი აწამა.

მამაკაცი ფერმაშივე დაიღუპა. ამის შემდეგ კი ტუღუში მოკლულის  ავტომობილშივე ჩაჯდა, საავადმყოფოში მივიდა და სისხლში ამოსვრილმა განაცხადა, რომ თემურ სარჯველაძე ფერმაში მძიმე მდგომარეობაში იყო და მისთვის მიეხედათ. როგორც ამბობენ, ის რამდენიმე პოლიციელმა ძლივს გააკავა.

მითითებულ ადგილზე მისულებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ – სასტიკად ნაწამები თემურ სარჯველაძე უკვე გარდაცვლილი იყო.

მეორე ვერსიით,ყოფილ სპეცრაზმელს ფსიქიკური პრობლემები და პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მომხდარი ტრაგედიაც ამის შედეგია.

„არავინ იცის ზუსტად რა მოხდა, ძალიან ჩახლართული და ბურუსით მოსილი ამბავია. ერთი ვერსიით, ბიჭს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე. სწორედ ქეიფის შემდეგ ისინი შელაპარაკდნენ და კაცს ასე სასტიკად გაუსწორდა.

„თემურ სარჯველაძე უნიკალური პიროვნება იყო, უმძიმესია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს საზარელი დანაშაული სახეზეა. დიდი ალბათობით, ჯერ გაკოჭა და შემდეგ აწამა. კაცს მთელს სხეულზე ე.წ. სპიცით აქვს ჭრილობები მიყენებული.

„თემური თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, ფერმას უვლიდა. ამ ბიჭს, დავითს, როემლიც ასევე თბილისში ცხოვრობდა და აქ პერიოდულად ჩამოდიოდა, დაურეკავს თემურისთვის და უთქვამს – ფერმის მყიდველი ვიპოვეო. თემური ყიდიდა ამ ფერმას. უთქვამს – წამოდი, ფოტოები გადავიღოთ, თურქებს უნდათ და უნდა გავუგზავნოო.

„როგორც ჩანს, წავიდნენ. მერე თემური გაუმასპინძლდა და დალიეს. ბიჭთან კონფლიქტი მოუვიდა ადრე ნაყიდი მიწის გამოვო და ამას კიდევ პათოლოგირი სიმთვრალე ჰქონია, სასტიკად გაუსწორდა.

„ადრე სამხედრო იყო, სპეცრაზმშიც იყო და ამბობემ, თურქეთის სპეცრაზმშიც მოღვაწეობდაო. როგორც ჩანს, რაღაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მალავდნენ – რომ დალევდა, თავს ვერ აკონტროლებდა.

„ეს კაციც საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად, ვარჯიშობდა, მაგრამ 38 წლის ბიჭს, რომელიც სპეციალური უნარებით არის გაწვრთნილი, აბა, როგორ გაუმკლავდებოდა“, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

პროკურატურამ ამ დანაშაულთა დაკავშრებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share