რა უნდა გაკეთდეს, რომ პური არ გაძვირდეს -“2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“

“2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ხორბლის გაძვირებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან სილაგავამ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა 40%-ით, ფქვილის იმპორტი 6-ჯერ გაიზარდა.

„საქართველოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს ტენდენცია, როდესაც ფქვილის იმპორტი ანაცვლებს ხორბლის იმპორტს. შემიძლია გითხრათ, რომ იმის შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული რუსეთის მიერ, მცურავი ბაჟის შემოღების შესახებ, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ, ხორბლის იმპორტი შემცირებულია დაახლოებით, 40%-ით. ეს არის საკმაოდ საყურადღებო ციფრები. თუ ჩვენ საქსტატის გამოქვეყნებული სტატისტიკით შევხედავთ, ისინი ამას ანგარიშობენ წლის დასაწყისიდან, იმიტომ, რომ კლასიკური წელი არის 1-ლი იანვრიდან 1-ელ იანვრამდე, ის დრამატიზმი, რომელიც დღეს ბაზარზე ხდება, აქ არ შეიმჩნევა, რადგან სტატისტიკის ნიველირება ხდება იანვრიდან დაწყებული და გამოქვეყნებულია, რომ ფქვილის იმპორტი გაზრდილია 2-ჯერ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებიდან და სეზონის დაწყებიდან, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. შესაბამისად, დღევანდელ სიტუაციაში, ეს რიცხვები არის საყურადღებო, როდესაც გარდამავალ პერიოდში 2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ. დღეს დაახლოებით არის თვენახევრის მარაგი. ეს არ არის კატასტროფული მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

კითხავზე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში პური არ გაძვირდეს, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს:

„იმისთვის, რომ პურის ფასის შენარჩუნება მოხდეს, ჩვენი ხედვა არის ასეთი, პური უნდა ღირდეს იმდენი, რაც ღირს, როგორც სხვა პროდუქტი, მაგრამ იმ ფენებს, რომელსაც სჭირდება დაცვა, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ, კომპენსირება უნდა გაუკეთდეს.

შესაბამისად, თუ ავწონ-დავწონით, რომ ფქვილი იყოს ბაზარზე თუ ხორბალი, აქ ცალსახად ხორბალი უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ის ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის. წისქვილები ასაქმებენ ხალხს, ბიუჯეტში შეაქვთ, ქატოს გამოშვება ხდება და ა.შ. შესაბამისად, ბიუჯეტის შენატანებიდან, რომელიც წისქვილებს შეაქვთ, შესაძლებელია გამოყოფილი იყოს ის თანხა, რომელიც ფქვილის გაძვირების კომპენსაციის სახით იქნება გამოყენებული, იგივე იმ ხალხისთვის, ვისაც ეს სჭირდება. შედეგად, ბიუჯეტში ფული დარჩება კიდეც, წისქვილების შენატანი, რომელიც სხვა მრავალ პროგრამაში შეიძლება იყოს გამოყენებული. აქ უბრალოდ გადაწყვეტილებაა მისაღები იმისთვის, რომ ის უფსკრული, რომელიც არის ხორბლის და ფქვილის გადასახადზე (ფქვილზე ნულოვანი გადასახადია და 85 დოლარია უკვე ხორბლის იმპორტზე), გარკვეულწილად ნიველირებული იყოს იმისთვის, რომ სწორი კონკურენციული პირობები იყოს ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყანაც მარაგებით იქნება წარმოდგენილი და ფასებიც სტაბილური იქნება, მსოფლიო ბაზრის შესაბამისად“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: