”ჩვენი ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ ქართული ოცნებისთვის მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი.
თქვენთან ერთად, ფხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესები საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცდუნება, ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები.”