ღარიბაშვილს 80 000- ზე მეტი დამალული განკარგულება აქვს, კობახიძის განკარგულებები კი დაშიფრულია – პრემიერები საჯარო ინფორმაციას მალავენ

“ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გამოცემულ მთავრობის განკარგულებს ისევ მალავს. 3 წლის განმავლობაში 2021- დან 2023 წლის ჩათვლით მთავრობა განკარგულებებს ისე გასცემდა, რომ ისინი არ საჯაროვდებოდა და არავინ იცოდა, მათი შინაარსი. ირაკლი კობახიძემ გაპრემიერების შემდეგ გასცა დაპირება, რომ მისი წინამორბედის განკარგულებებს გამჭვირვალეს გახდიდა, თუმცა, ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებია. ჯამში ყოფილ პრემიერს 80 000 ზე მეტი დამალული განკარგულება აქვს.

საკუთარი განკარგულებების გასაჯაროება ახალმა პრემიერმა კობახიძემ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტების დიდი ნაწილი დაშიფრულია. უფრო კონკრეტულად კი, ის დოკუმენტები, რომელიც ფიზიკურ პირებს შეეხება. მაგალითისთვის კობახიძე არ ასაჯაროებს რომელ ფიზიკურ პირს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ესა თუ ის მიწა, შენობა- ნაგებობა, ან ვის ჩამოეწერა სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმები. პრემიერმა საჯარო მხოლოდ კომპანიების მისამართით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჯაროვა.

კანონი ყველა პრემიერს ავალდებულებს გაასაჯაროოს გამოცემული განკარგულება, რათა მათზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მუშაობას ამ გზით გააკონტროლებენ. ქართული ოცნება უკვე წლებია, სხვადასხვა პრემიერების პირობებში უხეშად არღვევს კანონს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოითხოვეს მთავრობის ადმინისტრაციიდან განკარგულებების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უშედეგოდ.

ოცნება ცდილობს ხალხს მის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები დაუმალოს. ვის აძლევს სახელმწიფო ქონებას, ვის უფორმებს მარტივ შესყიდვებს და რატომ?  – ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს კორუფციის პირველი ნიშნებია.

მართლაც აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე მისი წინამორბედი პრემიერის გადამალული განკარგულებები დღის შუქზე გამოიტანოს – უცნობია. ასევე უცნობია, რატომ არის თავად კობახიძის მიერ გამოცემული განკარგულებების ნაწილი დაშიფრული.
მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share