“ბოდიში? არა და არასდროს!” – ამ სახელწოდებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აპროტესტებენ.
ისინი ოლიგარქის გზავნილებს კაპიტულაციურის უწოდებენ და ამბობენ, რომ ოცნების წევრებმა “თავიანთი ბელადის რუსული ნარატივებისთვის” ბოდიში უნდა მოიხადონ.
“ის, რაც ვერ შეძლო რუსეთმა 2008 წელს დღეს ოლიგარქი აკეთებს”, – აცხადებენ ისინი.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.