ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში აია-სოფიას ტაძრის აგების ისტორიის შესახებ წერს.
„აია-სოფიის აგებისას სამშენებლო მასალა სპეციალურად იმპერიის ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდათ, რითაც სიმბოლურად სამყაროს ერთიანობას უსვამდნენ ხაზს.
მათ შორის, სვეტების ერთი ნაწილი ეფესოს წარმართული არტემისის ტაძრიდან ჩამოიტანეს და ეს არცერთ მაშინდელ ქრისტიანს არ გაუპროტესტებია.
ამით აია-სოფიის აღმშენებლებმა კიდევ ორი დიდი საქმე გააკეთეს:
– უკვე მიტოვებული ანტიკური ტაძრების ინტერიერი სრული წაშლისა და განადგურებისგან იხსნეს. ამით მათ კაცობრიობას ანტიკური არქიტექტურისა და კულტურის საუკეთესო ნიმუშები შემოუნახეს;
– მომავალ თაობებს გვიანდერძეს, რომ ძველს (წარმართულს) და ახალ (ქრისტიანულ) კულტურას არამხოლოდ თანაარსებობა, არამედ სრულ ჰარმონიაში ყოფნაც შეუძლიათ.
მართლაც, თუ არ აგიხსნეს, საიდანაა ეს სვეტები მოტანილი, გეგონება რომ სპეციალურად აია-სოფიისთვისაა შექმნილი.
ასე აზროვნებდნენ პირველი დიდი ქრისტიანები და ეს ხდებოდა 15 საუკუნის წინ.
P.S. ისედაც იცით, მაგრამ მაინც ვიტყვი: აია-სოფია არავის სჯის. არც მომავალში დასჯის. ეს არაა მისი ფუნქცია“, – წერს ზურა ბატიაშვილი.
ცნობისთვის, თურქეთში 6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას დაუკავშირა.