საარჩევნო ფინიშზე, ოცნებამ 1 კვირაში დაუშვა 2 დრამატული შეცდომა, რომელმაც მას გამარჯვების შანსი ასევე დრამატულად შეუმცირა.
- პირველი რა თქმა უნდა გორში გაკეთებული განცხადებებია. იქ ივანიშვილს თითქოს ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოსურნე ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობის, ომის პროვოცირებაში დასავლეთის დადანაშაულების, მსხვერპლის აგრესორად წარმოჩენის და ქართველების მიერ ბოდიშის მოხდის დაპირებით ისეთი მოღალატეობრივად ტოქსიკური კოქტეილი შექმნა, რომ აგერ უკვე მერამდენე დღეა ხალხს ბრაზი ემატება და იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინას რობოტები ყოველდღე იმავეს იმეორებენ ეს ბრაზი და აღშფოთება თუ მოიმატებს და არ განელდება. ბევრმა თქვა – საკუთარ ფეხში ისროლაო, მე უფრო მნიშვნელოვან ორგანოში ნასროლი მგონია, თუმცა ამ პოლიტიკური სისხლდენის გაჩერება რომ უკვე შეუძლებელია ამას ახლა ავხსნი.
ოცნების მთელი კამპანია ფსევდორელიგიურ ფანატიზმზე დამყნობილ ურაპატრიოტიზმზე დგას. “ქედმოუხრელობასა” და “ცალ ფეხზე დაუდგომლობაზე“ მუდმივად მოლაპარაკეთა კერპი გორში გამოცხადებული ბოდიშის პოლიტიკით ისეთ სიმებს შეეხო, რომელმაც ეს ფსევდო კონსტრუქცია დაარღვია, მოუშუშებელი ჭრილობები გახსნა, ცოცხალი მეხსიერება გააღვიძა და გამოაფხიზლა, რომლის ანესთეზიასაც წლებია საკმაოდ წარმატებით ცდილობდა და ახერხებდა ოცნება თავისი რუსეთთან “შემრიგებლური”, სინამდვილეში კი კაპიტულანტური პოლიტიკით. ივანიშვილმა საქართველოს არამარტო უახლესი ისტორია დააყენა თავდაყირა – ერს ფაშიზმის გამოვლინებაში დასდო ბრალი, რომელიც გამორიცხავს სამართლიან ომს, და შესაბამისად სადაც გმირობა და გმირები უბრალოდ ვერ იარსებებდნენ და რუსეთს და სეპარატისტებს, რაც არანაკლებ დამაზიანებელია, – არამარტო მორალურ და პოლიტიკურ, სამართლებრივ ჭრილში უპირატესობა უბოძა.
- მეორე დრამატული შეცდომა ივანიშვილმა გუშინ დაუშვა – როცა ოცნების ამომრჩევლის გამხნევება ამერიკელებთან “ბლატაობით” მოინდომა. შეერთებული შტატების ელჩს კობახიძის მესენჯერმა უთხრა, რომ “ამერიკელები წითელ ხაზს მიუახლოვდნენ” და კობახიძემ… კობახიძემ… ზარქუამ… ყაველაშვილმა… სუბარმა… ნუ თუნდაც ბიძინამ… ვაშინგტონს თითი დაუქნია და მუქარა გაუგზავნა.
ეს არის მეორე საბედისწერო შეცდომა! ამერიკელებთან მიმართებაში კი არა – თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სენატი და კონგრესი რომ ამ ღამეს თეთრად არ გაათენებდა ამის ახსნა მგონი ყველაზე პრიმიტიულად მოაზროვნე ოცნების მხარდამჭერსაც არ სჭირდება.
ეს საქციელი, შემდეგ ამის დაბუსტვა და ყველა პროპაგანდისტული არხით ინტენსიური ტრიალი დრამატულ შედეგს, სრულ დეზორიენტაციას და თვეების განმავლობაში ნაკვები ნარატივის მსხვრევას, ზუსტად ქართული ოცნების მხარდამჭერების რიგებში გამოიწვევს. ეს მოხდება მარტივი მიზეზის გამო – ბიძინა და მისი მარიონეტები პროევროპული ოცნების მხარდამჭერებს, თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს არწმუნებდნენ, რომ შტატებთან და საერთოდ დასავლეთთან ვითარების დაძაბვა დროებითი მოვლენა იყო და არჩევნების შემდეგ ეს ურთიერთობები კვლავ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
ის რაც გუშინ მოხდა და მოვისმინეთ ამ ტყუილისთვის ნიადაგის გამოცლა იყო. კობახიძის პირით, ბიძინამ, მხოლოდ ამერიკელებს კი არ შეუთვალა მუქარა და ამით მსოფლიოს დასაცინად გაიხადა თავი, არამედ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა თავისსავე, აქამდე ფუჭი დაპირებების კასკადით დაბანგულ ამომრჩეველს, რომ ამ მთავრობის პირობებში შტატებთან ურთიერთობის გამოსწორების პერსპექტივა აღარ არსებობს და სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვაზე განაცხადს ახლა უკვე არა მხოლოდ ვაშინგტონი, თავად – თბილისი, ანუ ბიძინას მიერ მიტაცებული საქართველო გააკეთებს.
კობახიძის პირით ბიძინამ ამით ის ერთადერთი ილუზია დაამსხვრია, რომელსაც ქართული ოცნების პროდასავლელი ამომრჩეველი ხავსივით ეპოტინებოდა. ახლა აღარც ფსევდო პატრიოტული ოცნებაა, რადგან ბიძინა ის კაცია, რომელიც ყველაზე უფრო საკრალური – ქვეყნის მთლიანობა და ამ მთლიანობისთვის დაღუპული გმირების თავგანწირვა ეჭვის ქვეშ დააყენა, მტერი მეგობრად გამოგვიცხადა, რომელსაც თან ბოდიშით უნდა ვემთხვიოთ. და პარალელურად გააცამტვერა ილუზია, თითქოს რამე შანსი არსებობდეს ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორების. მარტივად რომ ვთქვათ იზოლაცია პერსპექტივა კი აღარაა – პოლიტიკურ იზოლაციაში უკვე ვართ, დროის ამბავია ეს რეალობა ეკონომიკას, ბიზნესს, სოციალურ თუ სხვა სფეროებს მასშტაბურად როდის დაარტყამს. რომ შევაჯამოთ: ერთი კვირის განმავლობაში, არჩევნებამდე 40 დღით ადრე, ივანიშვილმა ოცნების საარჩევნო პროპაგანდისტული ხუხულის 2 მთავარ საყრდენ ბოძს ძირი თავისივე ხელით გამოუთხარა და თავისივე მხარდამჭერების, ან ჯერ კიდევ ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩევლების უმრავლესობის ნდობაც დაკარგა და მის ნააღმდეგ განწყობილი საზოგადოების აბსოლიტური ემოციური მობილიზება და საკუთარ არჩევანში მყარად ჩამოყალიბება მოახდინა. ისეთი მორალური ფონი შექმნა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე მოქმედ, წარსული დაპირისპირებების მძიმე ისტორიებით დამძიმებულ მოთამაშეებს სრული პოლიტიკური და მორალური ლეგიტიმაცია შეუქმნა სახელმწიფოსა და ერისთვის ასეთი მასშტაბის საფრთხის პირისპირ გასაერთიანებლად და სათანამშრომლოდ.
ასე შეიძლება ვიხილოთ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა, რომელსაც მიიღებს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არაერთხელ ითქვა, რომ ამ არჩევნების ბედს არა იმდენად მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის მომხრეების ან მათგან გამოცალკევებულთა მობილიზების ხარისხი განაპირობებს, რამდენადაც ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლის მობილიზება და მათი ხმების ეფექტური ასახვა არჩევნების შედეგში.
ამ ფორმულის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმებული ამომრჩევლების განწყობებისთვის შესაბამისი პლატფორმის ფორმირება. ანუ იმ ადამიანებისთვის მიზიდულობის ძლიერი ცენტრის გაჩენა, რომელთათვისაც სოციალური თუ ძველი ხელისუფლებისადმი ანტაგონიზმის გამო ჩამოყალიბებული არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების მოტივაცია გადაფარა ქვეყნის განვითარების კურსის ფუნდამენტური ცვლილების შედეგად გამოწვეული საფრთხის დანახვამ და გაცნობიერებამ.
თუ გახარიასა და ხაზარაძეს შორის დიდი შეთანხმება შედგა და საარჩევნოდ გაჩნდა ძლიერი გრავიტაციის ახალი ცენტრი, რომელიც “არც ქოცი, არც ნაცი” პარადიგმის გაგრძელებით, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების განწყობის ეფექტურ მობილიზებას მოახდენს, ეს უკვე დიდი ალბათობით წყვეტს არჩევნების ბედს.
რაც უფრო აქტიურად ეცდება ივანიშვილის პროპაგანდა ხაზარაძე-გახარიას, წლების განმავლობაში ამ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ლიდერების თანამშრომლობის პერსპექტივის გაშავებას, მით უფრო მეტად გაუჩენს კითხვებს თავისსავე შემორჩენილ ამომრჩეველს: – ანუ რა გამოდის? რამდენად დიდი უნდა იყოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე, რომელიც ივანიშვილმა თავისი უგუნური და პირდაპირ ვთქვათ – მოღალატეობრივი მმართველობით გააჩინა, რომ ერთმანეთთან ასეთი დაპირისპირებული ძალებიც კი ამბობენ უარს პერსონალური კონფრონტაციის ისტორიაზე და პირველ რიგში მათივე ამომრჩევლების და შედარებით ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების პოლიტიკურ დაკვეთას – საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა პასუხობენ დიდი შუაშისტური კოალიციით.
ჩემი დასკვნა ასეთია: ივანიშვილს კარგი სვლა აღარ დარჩა, ყველა შემდეგი ნაბიჯი იქნება რეაგირება მის მიერ დაშვებულ სტრატეგიული შეცდომებზე და პოლიტიკური ოპონენტების მიერ ჩამოყალიბებულ ახალ დღის წესრიგზე.
მაგალითად, ისინი იძულებულები იყვნენ რეაქცია მიეცათ ამერიკის ახალ სანქციებზე, რადგან პოლიციის საკვანძო ფიგურების სანქცირებაზე რეაგირების არქონა მთლიანად ჩამოშლის პოლიტიკური ძალმომრეობის სისტემას, ანუ იმას, რაზეც ბოლო წლებია დგას ივანიშვილის რეჟიმი და მეორე – ასევე არ გამოვიდოდა არშემჩნევა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ახალი, მსხვილი და შესაძლოა არჩევნების ბედის საბოლოოდ გადამწყვეტი პლატფორმის ჩამოყალიბებისა.
ივანიშვილის რუსული რეჟიმი ორივე შემთხვევაში მიიღებს უარეს შედეგს: კიდევ უფრო მეტად დაზიანდება, კიდევ უფრო სუსტად, სასოწარკვეთილად და უპერსპექტივოდ წარმოაჩენს თავს პირველ რიგში თავისივე ამომრჩევლის თვალში. ძირითადი ბრძოლა რა თქმა უნდა წინ არის, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას – საქართველოში ხელისუფლების ცვლილების კონტურები კიდევ უფრო მკაფიოდ და ნათლად გამოიკვეთა.