საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში კოალიციური სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ანტიკორუფციულმა ბიურომ თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერი კამპანია ან ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის და გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები პოლიტიკური საქმიანობაა და ამის გამო მან შეზღუდვები დაუწესა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“.
საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის გარანტირებული და ქართველი ხალხის გაცხადებული ნებაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მართული ანტიკორუფციული ბიურო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ამ ნებას ვერ შეცვლის და ჩვენ, 30 არასამთავრობო ორგანიზაცია გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას და არჩევნებზე გავაგრძელებთ თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის, ამომრჩევლის ხმის უფლებების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.