მე არ ვაპირებ რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას, ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს! – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია „ცვლილებისთვის“ სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე.
„გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ოჯახთან კონსულტაციებით, ჩემი პირადი დამოკიდებულებით. პოლიტმატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში საზოგადოებას ვამცნე, ვუთხარი ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან, ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლილიყო და ხელისუფლებაში ახალი ადამიანები მოსულიყვნენ. ახალ ადამიანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს, ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა, ვისაც არ ამძიმებს თუნდაც წარსულის შეცდომები და ამ მხრივ, უპირატესობას არ აძლევს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას. დღეს მივიჩნევ, რომ ჩემი დაპირების ერთი ნაწილი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია „ახალი“, რომელიც ძირითადად იმ ადამიანებისგან შედგება, ვისაც ცვლილებები შეუძლია და ვის მხრებზეც წარსულის შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ „გირჩი“ და „დროა“, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენც ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს. დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არიან ისინი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია მე სრულიად დარწმუნებული ვარ მათში, არამხოლოდ ფასეულობითი, არამედ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით, ვისაც ბოლომდე ვენდობი.
მინდა შევასრულო ჩემი დაპირების მეორე ნაწილი. მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ვარ. მიმაჩნია, რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, კოალიციის ლიდერადაც, პარტია „ახლის“ ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა, რომ გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს. ჩემი, კონკრეტული ერთი მაგალითით მინდა, რომ სხვა პარტიებს ასევე და ზოგადად, საზოგადოებას ვუთხრა ჩემი პოზიცია – მივცეთ ფართო გზა ახალ პოლიტიკურ აქტორებს! ჩვენ ვიყოთ პოლიტიკაში, ვაკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ ხალხთან მნიშვნელოვანია საუბრობდნენ ასევე ისინი, ვინც რეალურად ახლა იწყებს პოლიტიკურ გზას, ისევე, როგორც საქართველო ახლა იწყებს ევროპისკენ მსვლელობას და აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე. ჩემი ამ გადაწყვეტილებით მინდა ხაზგასმა იმის, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის არაა მთავარი ამოცანა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილი დავიკავოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ამ ქვეყანა ჩამოშორდეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ მმართველობას და ძალაუფლება და ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა, ვინც პროპაგანდისთვის მოწყვლადი ვერ იქნება, ვინც ახალ გზებს დაადგება და ვისაც მე ჩემი გამოცდილებით, ჩემი შესაძლებლობებით დავეხმარები, გავწევ წინ, მაგრამ ასევე ვიქნები მოდარაჯე მათი შეცდომებისა. მე ვარ ჩემი პარტიის თავმჯდომარე, კოალიციის ლიდერი და მექნება ჩემი საქმე. ყველანაირად დავეხმარები ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაშვების საქმეს, რაც უმნიშვნელოვანესია და ყველანაირად შევუწყობ ხელს ახალ ადამიანებს მოვიდნენ პოლიტიკაში. ეს არ უნდა გავიგოთ ისე თითქოს პარლამენტის სიაში თუ არ ვარ, ვიქნები სამთავრობო კანდიდატი, პრემიერ-მინისტრობის თუ ა.შ. მე ხელი მაქვს მოწერილი ქართულ ქარტიაზე და ვრჩები მისი ერთგული, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი. ჩემი გადაწყვეტილება არის პირადად ჩემი პოზიცია და ასევე, ჩემი ოჯახის მხარდაჭერა მქონდა ამ მიმართულებით. მე პირადი მაგალითით ვიძლევი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ამ მაგალითს. პირადი მაგალითებით უნდა შევქმნათ პრეცედენტები იმისა, რომ მზად ვართ ახალი ადამიანები მართავდნენ ახალ საქართველოს. ჩემი კოალიციის ლიდერები ნიკაც, ელენეც, ზურაც მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დიდი ხანია არიან, არ ყოფილან არცერთი ხელისუფლების ნაწილები, ამიტომ მე მათ მკაფიოდ და ხაზგასმულად მივიჩნევ ახალ ადამიანებად. მათ კომპეტენციას, წესიერებას, პატრიოტიზმს ვენდობი ბოლომდე! მე არ ვაპირებ რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას, ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს! თქვენ ხვალ ნახავთ საარჩევნო სიას, ის ძირითადად იქნება დაკომპლექტებული იმ ხალხით, რომელიც არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.