„ჩვენი მთავრობა არის მთლიანად კრიმინალური, ამიტომ კრიმინალურ-მაფიოზურ მთავრობას რუსეთში ყოფნა უნდა, იქ არის მათი ადგილი, იქ არის მაფიოზების სამოთხე. ეს არის ომით დაშინების, ქურდების და თაღლითების პარტია, რომელიც რუსეთისკენ გვექაჩება“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკიდან ჩართვის დროს განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა საქართველოდან ოთხჯერ მეტი ადამიანი გაიყვანა, ვიდრე შაჰ აბასმა“.
„2012 წელს საქართველო ცხოვრობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე 2003 წელს – ამაში, მგონი ეჭვი არავის ეპარება. 2024 წელს საქართველო ცხოვრობს უფრო უარესად, ვიდრე 2012 წელს.
მართალია წინა პროცესზე ჩემი ხმა ჩაახშეს 100 მოგუგუნე ქარხნით, რომელიც ივანიშვილმა აამუშავა საქართველოში, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ მეოთხე წელს არ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში გაჭირვებული მოსახლეობა.
ხალხი დაამშიეს, ახლა კიდევ, დამშეულ, გაჭირვებულ ხალხს, იმის ნაცვლად, რომ წესიერ რამეს დაჰპირდნენ, ეუბნებიან, რომ ომით და უბედურებით უნდათ დაგაშინოთო, ომის და უბედურების შიშით გამოიკვებება ხალხი? ომით და უბედურებით გამაგრდება ქვეყანაში ხალხი? რას გვაშინებენ ამ ომით?
ყველამ კარგად იცის, რომ თუ ევროპაში წავალთ (ამათ გზა დაგვიკეტეს) იქ არანაირ ომს ადგილი არ აქვს…
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, კახეთი ისე ააოხრა სააკაშვილმა, როგორც აღა-მაჰმად-ხანმაო – აღა-მაჰმად-ხანი კახეთში რომ არ ყოფილა, ეგ ერთი – შაჰ აბასი იყო, რომელმაც 200 ათასი კახელი გაიყვანა ფერეიდანში და ივანიშვილმა ოთხჯერ მეტი ადამიანი გაიყვანა საქართველოდან, ვიდრე შაჰ აბასმა. ჩემს დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.