„მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით” – ასე გამოეხმაურა “აირჩიე ევროპას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მესამე სექტორის სიმართლის აღიარება მოუწია.
„მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით. ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია გვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩეს ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე,“ – განაცხადა ლაგაზიძემ.[IPN]შეგახსენებთ, რაჟდენ კუპრაშვილმა პრემიერის გუშინდელი მითითების შემდეგ დღეს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება შეცვალა და “აირჩიე ევროპას”, ხათუნა ლაგაზიძეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და ეკა გიგაურს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა, რითაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ არჩევნებს დააკვირდნენ.