საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 30 აპრილიდან სამგზავრო მატარებლებს ახალი გაჩერება, კოპიტნარი დაემატება. კოპიტნარში ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს, ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს, დაახლოებით, 5 წუთი დასჭირდებათ, ხოლო მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებასაც მოიცავს.
კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.