ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების კონსორციუმის წევრებმა საქართველოში ორ-დღიანი მისია დაასრულეს.
მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში არსებული სიტუაციაა შეფასებული და ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი ღრმად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას მკვეთრად უთხრის ძირს.
ამასთან, ოფიციალურ განხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონი აღიქმება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის იარაღებად მედიაზე ზეწოლის განხორციელებისთვის.
მისია ყურადღებას მედიის პოლარიზაციაზეც ამახვილებს და გასცემს რეკომენდაციას, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, საჯარო პირებმა და პარტიებმა თავი შეიკავონ საზოგადოების ჯგუფებისა და საჯარო პირების გარიყვისგან.
ჟურნალისტებს ფიზიკურად, სიტყვიერ, სამართლებრივად და ფინანსურად ესხმიან თავს. ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო საქმიანობად იქცა.
ჟურნალისტები იმდენად არიან შეშფოთებულნი მათი უსაფრთხოებით, რომ ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტური დავალებების შესასრულებლად მარტო აღარ დადის. რამდენიმე გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ტოვებენ ინდუსტრიას, ზოგი კი საზღვარგარეთ გადადის. გარდა ამისა, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ მედიას საზღვარგარეთ არეგისტრირებდნენ.
ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, მისიას აცნობეს ჟურნალისტების დაშინების მრავალი შემთხვევის შესახებ. მუქარაზე, მოკლევადიან დაკავებაზე, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევის შემთხვევებსა და სოციალურ მედიაში მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიებზე თავად ჟურნალისტები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰყვებიან.
თანამოსაუბრეები ასევე შეშფოთებულნი იყვნენ ჟურნალისტების და/ან მედიის “ანტიქართულად” მოხსენიებით ეროვნული სენტიმენტების ბოროტად გამოყენების გამო. მისია შეშფოთებულია, რომ “უცხოური გავლენის კანონი” ღრმად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას მკვეთრად უთხრის ძირს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
პრესის თავისუფლების მისია განცხადების ბოლოს 4 რეკომენდაციას გასცემს:
- გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების გაშუქება დაბრკოლებისა და ჩარევის გარეშე.
- უნდა გადაიხედოს მედიის კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის საკანონმდებლო ბაზის სათანადო დანერგვა, განსაკუთრებული აქცენტით კანონზე ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შესაბამისი ორგანოები, ამ კანონების ეფექტურ აღსრულების მხარდასაჭერად და ზედამხედველობისთვის.
- საქართველოში ემიგრაციაში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება და არ უნდა აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა.
წყარო – “ტაბულა“.