ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ ეს რეჟიმი, არამედ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და უნდა დავიწყოთ ივანიშვილით – ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მსჯელობისას, ევროპარლამენტარმა, რიჰო ტერასმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა თავის გამოსვლაში საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება.
”დემოკრატიასთან მიმართებით ვითარება საქართველოში ათწლეულზე მეტია უარესდება. პრემიერ-მინისტრ კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, თუ “ქართული ოცნება” მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია – მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელის. მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. და ხელმძღვანელით – ოლიგარქ ივანიშვილით – უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ”, – განაცხადა ტერასმა.
ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები იმართება. განხილვის თემაა – „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.
რეზოლუციით ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.