სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც არხის ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს “სომხურ წარმომავლობას” – ჟურნალისტის მტკიცებით, მას ამის “დამადასტურებელი ფაქტები” აქვს, თუმცა არ აჩვენებს.
იოსელიანი წერს, რომ “მედიის მიერ დასმული კითხვა დისკრიმინაციულ ხასიათს არ უნდა ატარებდეს”.
“მიუხედავად იმისა რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ”, – წერს იოსელიანი.