რა გზავნილი აქვს ოპოზიციას იმ საჯარო მოხელის მიმართ, ვისაც არჩევნების შემდეგ სამსახურის დაკარგვის ეშინია

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და აღქმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ხშირად განიხილებიან, როგორც ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. ასევე, ერთგვარი “გარანტირებული ხმები” მმართველი პარტიისთვის.

ამას ორი მიზეზი აქვს:

  1. ხელისუფლებას ზეწოლის მეტი ბერკეტი აქვს მათზე, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. წლების განმავლობაში, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა საჯარო სამსახურებში ადამიანები ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაუნიშნავთ, დაუწინაურებიათ, გაუთავისუფლებიათ და ა.შ.
  2. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ერთგვარი თვითცენზურა – აღქმა, რომ თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ ხელფასს, აპრიორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი უნდა იყო. ან, მინიმუმ – საჯაროდ არ გამოხატო საწინააღმდეგო პოზიცია.

ცხადია, ეს არ ეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს. თუმცა პრაქტიკაში გვხვდება ამ და მსგავსი შემთხვევების არაერთი მაგალითი. სახელმწიფო სამსახურისა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა საქართველოში.

სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილი სხვადასხვა საფუძვლით – პირდაპირი ზეწოლის, დავალების, ცრუ მოლოდინების, სამსახურის და სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშით თუ სხვა მიზეზებით – შესაძლოა, ვერ ახერხებდეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას არჩევნებზე.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა გზავნილები აქვთ მათთვის ოპოზიციურ პარტიებს, რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს და ზოგადად, როგორ უნდა დაიცალოს საჯარო სექტორი პარტიული ინტერესებისგან.

არის თუ არა კოალიციური მთავრობა გარანტია საჯარო მოხელეებისთვის?

ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობს, რომ გარდა მათი სიტყვისა, პატიოსანი საჯარო მოხელეებისთვის სამსახურიდან გაშვების ან დევნის საწინააღმდეგო დამზღვევი მექანიზმი იქნება კოალიციური მთავრობის არსებობა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად მოვიდეს მთავრობაში. თუ “ქართული ოცნება” დამარცხდება, მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას, რომელიც ბარიერს გადალახავს, არ ექნება საკმარისი ძალაუფლება გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მისაღებად. მაგალითად, ისე, როგორც ეს უნდა “ქართულ ოცნებას”, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად სთხოვს.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში შექმნილი ბალანსი შეეხება არა მხოლოდ მთავრობის დაკომპლექტებას, არამედ გავრცელდება უფრო დაბალი რგოლის საჯარო სამსახურებზეც.

თუმცა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი ლევან კახიშვილი ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ავტომატურად ვერ დააზღვევს იმ მოლოდინებს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეიძლება ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს, ან შეექმნებათ სხვა ტიპის რისკები.

ლევან კახიშვილი

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს საჯარო მოხელეს, არის ბუნდოვანება: მათ არ იციან, რა გარანტიები აქვთ და როგორ შეიცვლება მათი მდგომარეობა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა საჯარო მოხელეებს უნდა შესთავაზონ ცხადი, კონკრეტული და გასაგები გეგმა იმისა, თუ რა ელით არჩევნების შემდეგ.

“ნებისმიერ ადამიანს, საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო სექტორში დასაქმებული, სჭირდება მომავლის გარკვეული გარანტია. მან უნდა იცოდეს, ხვალ რომ გაიღვიძებს, სამსახური ისევ ექნება თუ არა. საქართველოში გვაქვს კონტექსტი, როცა საჯარო სექტორი პოლიტიზებულია იმდენად, რომ საჯარო მოხელე არ არის დარწმუნებული, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა სამსახურს. შესაბამისად, მისთვის სტატუსკვო შეიძლება უფრო მისაღები იყოს, ვიდრე მომავალი, როდესაც მან არ იცის, რა მოელის.

როდესაც პარტიები მუშაობენ- კამპანიის დაგეგმვა იქნება, გზავნილების შემუშავება, წინასაარჩევნო პროგრამა თუ ამომრჩეველთან კომუნიკაცია- სწორედ ამ მოცემულობიდან  უნდა ამოვიდნენ. მათ უნდა შექმნან ცხადი, ზუსტი, ნათელი მოლოდინი, რა მოხდება არჩევნების შემდეგ. მაგალითად, როგორ ჩაატარებენ საჯარო სექტორის რეფორმას და როგორ მოახერხებენ საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას პარტიული ინტერესებისგან”, – ამბობს ლევან კახიშვილი.

რას ამბობენ ოპოზიციური პარტიები და კოალიციები

თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიისა და კოალიციის წარმომადგენელი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობს, რომ საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატიოსან და კომპეტენტურ საჯარო მოხელეებს საფრთხე არ შეექმნებათ. პირიქით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ხელისუფლების ცვლილება სწორედ ამგვარი მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელადაა საჭირო.

გთავაზობთ მათ ხედვას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საჯარო მოხელეთა დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამიჯვნა პარტიული ინტერესებისგან:

“გახარია – საქართველოსთვის”

ექსპრემიერი გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები აქტიურად საუბრობენ საჯარო სამსახურში გასატარებელ რეფორმაზე. მისი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი თავად იყო საჯარო მოხელე წლების განმავლობაში – როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს. ის საუბრობს იმ წნეხსა და ბულინგზე, რასაც საჯარო მოხელეები აწყდებიან, განსაკუთრებით, საშუალო რგოლში.

“ერთი მხარე “ნაცს” მეძახის, მეორე – “ქოცს” და ჩემნაირი არის ძალიან ბევრი. მაშინ, როცა ამ ადამიანებს საეთოდ არ აინტერესებთ, ვინ არის ხელისუფლებაში. აქვთ თავიანთი საქმე და ამ საქმით ემსახურებიან ქვეყანას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მიდგომა, რომ ხელისუფლების ყოველი ცვლილების დროს, განსაკუთრებით შუა რგოლის საჯარო მოხელეები არიან მუდმივ შიშში, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ეს ადამიანები რომელი ხელისუფლების პირობებში მუშაობდნენ, თუ ისინი მუშაობდნენ კეთილსინდისიერად. ამ ნიშნით ჩვენ არ დავიწყებთ არანაირ დისკრიმინაციას. მით უმეტეს, წმენდას. ძალიან ხშირად მომისმენია, რომ როცა ხელისუფლება რაღაცას აფუჭებს, პოლიტიკოსებს აგრესია გადააქვთ რიგით საჯარო მოხელეებზე, როცა ეს ადამიანები, რეალურად, არ არიან გადაწყვეტილების მიმღები. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ ვიღაცამ რამე დააშავა, ვიღაცას სამსახურებრივი გადაცდომა ჰქონდა და მას პასუხი არ მოვთხოვოთ. საუბარია კეთილსინდისიერ და პროფესიონალ მოხელეზე, რომელიც ემსახურება ქვეყანას”, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ის ამბობს, რომ საჯარო სექტორის დეპოლიტიზებისთვის “ქართულმა ოცნებამაც” გადადგა ნაბიჯები და ყურადღებას ამახვილებს იმ პერიოდზე, როცა გიორგი გახარია იყო პრემიერი. თუმცა ამატებს, რომ “ეს ნაბიჯები არ იყო საკმარისად ქმედითი”. მეზვრიშვილის თქმით, საჯარო სამსახური ჯერ ისევ საჭიროებს რეფორმას, რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი და, რაც მთავარია, არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული.

“არ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ წყალში გადაყაროს, რაც აქამდე გაკეთებულა და გამოაცხადოს, რომ ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხელისუფლებას დახვდეს გაკეთებული და მან შეძლოს ამ გაკეთებულზე დაშენება”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილი

ის ჩამოთვლის საკითხებს, რომლებიც პარტიის საარჩევნო პროგრამაში საჯარო სექტორის რეფორმისთვისაა გაწერილი:

მეზვრიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, ვთქვათ, კომისია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირ კრიტერიუმებს განსაზღვრავს იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში მიღება, დაწინაურება, გათავისუფლება, დისციპლინურ დევნა და ა.შ. გარდა ამისა, უნდა დაინერგოს საჯარო მოხელეთა შეფასების ერთიანი სისტემა.

“საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რა შემთხვევაში ფასდება მათი შრომა და ხდება დაწინაურება. არ შეიძლება, ვიღაცას ნათესაური ნიშნით აწინაურებდნენ და ვიღაც 20 წელი ერთ ადგილას მუშაობდეს ისე, რომ მისი წახალისება არ ხდებოდეს, დაწინაურების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავდეს. დღეს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი ფაქტები. იმიტომ, რომ არ არსებობს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემა, რაც საჯარო მოხელეს ძალიან ნათლად დაანახებდა, როგორ უნდა იმუშაოს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თანაბარ პირობებში დაწინაურების შესაძლებლობა ჰქონდეს და ეს არ იყოს დამოკიდებული ნეპოტიზმზე და ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ექსპრემიერის პარტია გეგმავს საჯარო მოხელეთა სკოლის შექმნას, რომელიც იქნება მოსამზადებელი ჰაბი მათთვის, ვისაც საჯარო სექტორში დასაქმება სურს. აქვე იქნება შესაძლებელი კვალიფიკაციის ამაღლება მოქმედი მოხელეებისთვის. მეზვრიშვილი ყურადღებას ამახვილებს ღირსეული ანაზღაურების მნიშვნელობაზეც, რომელსაც კორუფციისგან დაცვის მექანიზმადაც განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საუბრობს გენერალური ინსპექციების რეფორმის აუცილებლობაზეც, რომელიც, მისივე თქმით, ხშირად გამოიყენება არასასურველი საჯარო მოხელეების დევნის ინსტრუმენტად.

ის კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად აუცილებელი რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის სტაბილურობა. ამიტომ, “არ გვაქვს რევანშზე, დევნაზე და წმენდაზე დასაკარგი დრო”.

კოალიცია “ძლიერი საქართველო”

ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების პროცესში და ზოგადად, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში საჯარო მოხელეთა უმნიშვნელოვანეს როლზე საუბრობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, საჯარო მოხელეები სხვებზე უკეთ ხედავენ, რა პრობლემებს ქმნის დასავლური საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და რუსული კანონების მიღება.

“ძალიან ბევრი საჯარო მოხელე თავისი ინიციატივით გამოდის კომუნიკაციაზე და პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი. საჯარო მოხელეებს ძალიან ბევრ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა და ეს ხალხი დიდი ხანია ხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მე მათ ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეთ. თუ რამე არის საშიში, სინამდვილეში საშიშია ამ ტიპის ხელისუფლების დარჩენა მმართველობაში.

ფაქტია, რომ ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ის სანქციების პოლიტიკა, რომელიც დღეს ჯერ მხოლოდ მაღალჩინოსნებს მიემართება, ძალაუნებურად შეეხება საჯარო სამსახურებსაც. თუკი რაიმე პროგრესი და სინათლის ნასახი იყო საჯარო სამსახურებში, ეს დიდწილად იყო იმის დამსახურება, რომ ისინი თანამშრომლობდნენ დასავლელ პარტნიორებთან – უამრავი პროექტი ხორციელდებოდა, რომლის პირდაპირი ბენეფიციარი იყო საჯარო მოხელე. ეს ყველაფერი ახლა არის გაყინული. მომავალში, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ამას დაესმება წერტილი”, – აცხადებს ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მეზვრიშვილის მსგავსად, ისიც საუბრობს საჯარო სექტორში მიღების, დაწინაურებისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმების შემუშავებაზე. ნაცვლიშვილის თქმით, კოალიციას აქვს გეგმა, შექმნას ინსტრუმენტები, რომლებიც დააზღვევს საჯარო მოხელეებს იმისგან, რომ სამომავლოდ, რომელიმე ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს მათი პარტიულ ინტერესებში ჩაყენება.

ანა ნაცვლიშვილი

“გარკვეული ცვლილებები არის შესატანი კანონშიც და პრაქტიკაშიც, თუ როგორ ხდება დაწინაურება საჯარო სექტორში. ჩვენ შევქმნით იმის გარანტიებს, რომ რეალური კონკურსი ტარდებოდეს და ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები იკავებდნენ პოზიციას საჯარო სამსახურში. ეს საკითხი არ უნდა იყოს ნეპოტიზმის, ნაცნობობისა და გავლენების თემა. იმიტომ, რომ ასე დანიშნული ადამიანი თავისთავად ცხადია, პოლიტიკურად ლოიალური იქნება დამნიშვნელის მიმართ.

ძლიერი საქართველოს აშენებას სჭირდება ძლიერი ინსტიტუციები. სახელმწიფო ვერანაირად ვერ იქნება ძლიერი და სტაბილური, თუ მას ზურგს არ უმაგრებს სტაბილური, პროფესიონალი საჯარო მოხელეების გუნდი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არც კი განვიხილავთ იმას, რომ საჯარო მოხელეებს რამე დაემუქრებათ ხელისუფლების ცვლილების მერე”, – ამბობს ნაცვლიშვილი და ამატებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა და სამართლიანი სასამართლო იქნება კიდევ ერთი დამატებითი გარანტია როგორც საჯარო მოხელეების, ისე ნებისმიერი მოქალაქის ინტერესების დასაცავად.

ამავე დროს, ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. გაბერილ შტატებზე საჯარო სექტორში. ნაცვლიშვილის თქმით, სფეროს რეფორმა გულისხმობს ზედმეტი შტატებისა და არასაჭირო სტრუქტურების გაუქმებას, მაგრამ ალტერნატივად მოქალაქეებს შესთავაზებენ სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში.

“ჩვენი პრიორიტეტი იქნება ის, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, არ იყოს არაადეკვატურად გაბერილი, რისი მაგალითებიც დღეს გვაქვს. ჩვენი პრიორიტეტი არის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში. რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს – შტატების რაოდენობის ზრდა ბიუჯეტზე დამოკიდებულ პოზიციებზე, სინამდვილეში არ მოაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს არ არის არც უმუშევრობის დამარცხების ფორმულა.

როდესაც კერძო სექტორში შეიქმნება სამუშოა ადგილები, შრომითი უფლებები იქნება დაცული, სოციალური გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი და სამართლიანი ანაზღაურება იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს ტყუილად არის გაფორმებული საჯარო სექტორში, მისივე ინტერესი იქნება, რომ ვინმესგან თავი კი არ დაივალდებულოს, წავიდეს კერძო სექტორში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

“გირჩი”

არა მხოლოდ ე.წ. გაბერილ შტატებზე, არამედ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სამინისტროების მთლიანად გაუქმებაზე საუბრობენ პარტია “გირჩში”. ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ შესაბამისი ლეგიტიმაციის შემთხვევაში ისინი საჯარო სამსახურში ათობით ათას შტატს გააუქმებენ. თუმცა, ადამიანებს, ვინც იქ არიან დასაქმებული, ალტერნატივას სთავაზობს.

“ჩვენ სამინისტროების გაუქმება გვინდა, არა მარტო სიპების და აიპების. ამიტომ, იდეაში, ათობით და ასობით ათასი ადამიანი შეიძლება  სამსახურის გარეშე დარჩეს, მაგრამ შეთავაზება გვაქვს მათთვის – “ბიუროკატიის ღირსეული გაცილება”: ადამიანებს ვეტყვით, რომ ვინც თქვენი ნებით წახვალთ, სამი წლის ხელფასს გიხდით. თუ უნდა, დაისვენოს, თუ უნდა, კერძო სექტორში გადავიდეს, თუ უნდა, კვალიფიკაცია აიმაღლოს, რაც უნდა, ის გააკეთოს.

ეს, როგორც სხვა ნებისმიერი დაპირება, დამოკიდებულია იმაზე, რა რესურსი გვაქვს. თუ სამინისტროს ვერ გავაუქმებ, არ მექნება ამხელა ძალაუფლება, მაშინ არც ხალხს გავუშვებ სამსახურიდან. მაგრამ, თუ იმხელა ძალაუფლება მექნება, რომ სამინისტროს დავხურავ, მაშინ ამ დაპირებასაც მარტივად შევასრულებ, რა პრობლემაა?!”, – ამბობს რაქვიაშვილი და ამატებს, რომ როცა ამ იდეაზე მოქალაქეებს ესაუბრებიან, უმეტესობისგან აბსოლუტურ კეთილგანწყობას იღებენ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

რაქვიაშვილი ამბობს, რომ მთავარი არა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ან ალტერნატიული სამუშაო ადგილების შეთავაზებაა, არამედ ამ ადამიანების პატივისცემა და მათ მიმართ ღირსეული დამოკიდებულება. მისი თქმით, საჯარო მოხელეებს ოპოზიციაც არ უნდა მოიხსენიებდეს ადმინისტრაციულ რესურსად.

“მე მგონია, რომ ყველაზე სწორი პოზიციაა, მართლა პატივისცემით მოეპყრო იმ ადამიანებს, ვინც, სინამდვილეში, ჩვენ მიერვე აწყობილი სისტემის მსხვერპლები არიან. ამ სისტემის დემონტაჟს თუ იწყებ, არ შეიძლება ეს ხალხი ნაგავში გადაყარო – ასობით ათასი ადამიანი, რომლებსაც აქვთ გარკვეული კვალიფიკაცია. პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ამ ადამიანებს და ისეთი ალტერნატივა შევთავაზოთ, რომელსაც თვითონვე დათანხმდება”, – განმარტავს საკუთარ პოზიციას რაქვიაშვილი.

ის ამბობს, რომ კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანი აუცილებლად იპოვის სამუშაო ადგილს, თუნდაც, კერძო სექტორში.

“კოალიცია ცვლილებებისთვის”

პარტიული კოორდინატორების ბიუჯეტიდან დაფინანსების პრაქტიკის დასრულებაზე საუბრობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა. ამისგან მიჯნავს “კარიერულ საჯარო მოხელეებს”, როგორც თვითონ განმარტავს, “პროფესიონალებს, რომლებმაც წლები მიუძღვნეს ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე ზრუნვას”.

ლემონჯავას თქმით, პრაქტიკაში, ამ ორი ტიპის დასაქმებულის გასამიჯნად საჭიროა საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია.

გიგა ლემონჯავა

 

“ჩვენი გზავნილი საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატულია საარჩევნო სიის პირველი ნომრით, ნანა მალაშხიათი, რომელიც თავად არის კარიერული საჯარო მოხელე. ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვნად არის განპირობებული კარიერული საჯარო მოხელეების შრომაზე. ამ ქვეყანაში არსებობს ათასობით ადამიანი, რომელიც 10, 15 და 20 წელია თავის საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურება საჯარო სექტორში, პროფესიონალია. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ ხელისუფლების ცვლილების მერე მათ ვინმე შეეხება.

თუმცა საჯარო სტრუქტურებში, ასევე, არსებობს, “ქართული ოცნების” მიერ პარტიული ამოცანებით დანიშნული ხალხი. ეს არის საკუთარი პარტიული სტრუქტურის ბიუჯეტით დაფინანსების სქემა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აღარასოდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ უნდა მოხდეს პარტიული სტრუქტურების დაფინანსება. ეს არის, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაული, მეორე მხრივ კი, ძალიან მავნე საბჭოთა პრაქტიკა, რაც უნდა დასრულდეს”, – ამბობს ლემონჯავა.

ის გამოსავალს საჯარო მოხელეთა კარიერული დაწინაურების ობიექტური მექანიზმის შექმნასა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში ხედავს.

კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”

“ნაციონალურ მოძრაობაში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ როგორც ამ, ისე სხვა საკითხებზე დეტალურად მხოლოდ საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ ისაუბრებენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კოალიციაში შემავალ კიდევ ერთ პარტიას – “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ერთმანეთისგან მიჯნავს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელესა და ე.წ. პარტაქტივს. მისი თქმით, ისინი ხშირად მხოლოდ ფორმალურად არიან გაფორმებული ამა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციაში და იღებენ ანაზღაურებას, რის გამოც ვალდებულება უჩნდებათ მმართველი პარტიის მიმართ.

პაატა მანჯგალაძე

“მინიმალური, 300-400-500 ლარი აქვთ ადამიანებს ხელფასი. არც ითვლება სამსახურად. ამ ხალხს, ზოგჯერ, სამუშაო სივრცეც კი არ აქვს [ფაქტობრივად არიან გაფორმებულები]. ჩვენ ამ ხალხს ვეუბნებით, რომ ისეთი დიდი დასაქმების ტალღა იქნება, 500-ლარიან საჯარო სამსახურში არავინ გაჩერდება. ამ ადამიანებს თუ ექნებათ დარჩენის სურვილი, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურიდან არავინ გაუშვებს, მაგრამ ჩვენ ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომ ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფო კი არ უნდა იყოს, არამედ კერძო სექტორი, ბიზნესი. ევროპული, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა არის ასეთი.

ჩემი სურვილი და ნატვრა არის, რომ ამ არჩევნების შემდეგ ისეთი ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა გვქონდეს, სადაც საჯარო მოხელეს, და არამარტო, ღიად შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აღარ უნდა არსებობდეს პრაქტიკა, როცა ზღვარი წაშლილია მმართველ პარტიასა და საჯარო სამსახურს შორის”, – გვითხრა მანჯგალაძემ “ნეტგაზეთს”.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს 320 000-ზე მეტი ადამიანი იღებს. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია (2022 წელს ეს მაჩვენებელი 308 000 შეადგენდა, 2021 წელს – დაახლოებით 301 000-ს და ა.შ.).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share