„თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში მონაწილე მხარეები უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რაც მიწოდების ჯაჭვების შეფერხებასა და ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, საქართველო არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მორიგ ტალღაში მოექცევა“,- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის გაფართოების პერსპექტივა საქართველოს ეკონომიკასაც არასახარბიელო განვითარებას უქადის, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ზომიერად არის დამოკიდებული ისრაელის და ირანის ბაზრებზე.
„თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში მონაწილე მხარეები უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რაც მიწოდების ჯაჭვების შეფერხებასა და ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, საქართველო არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მორიგ ტალღაში მოექცევა.
მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და განაკვეთების ზრდა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებისთვის სესხებზე განაკვეთების ზრდას ნიშნავს. სესხის ტვირთი უფრო მძიმედ დააწვება არაჰეჯირებულ მსესხებლებს – მათ, ვისაც ვალი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, რადგან შუა აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავება ეროვნული ვალუტაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ლარის გაუფასურების რისკი რამდენიმე საყრდენზე დგას: ამერიკული დოლარი და ნავთობის ფასები ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობს, რადგან ბოლო ათწლეულში აშშ ნავთობის წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ამასთან, დოლარი უსაფრთხო ვალუტად ითვლება, ამიტომ გლობალური კრიზისების დროს მასზე მოთხოვნა იზრდება და შედეგად, ამერიკული დოლარი მყარდება. გარდა დოლარის გამყარებისა, ლარის გაუფასურებაში, შესაძლოა, წვლილი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამაც შეიტანოს: როდესაც რისკების პრემია იზრდება, საერთაშორისო ინვესტორები მეტ ამონაგებს ითხოვენ გაზრდილი რისკის სანაცვლოდ. ეს კი საქართველოდან კაპიტალის გადინების ალბათობას ზრდის“,- აღნიშნულია მომოხილვაში.
ანალიტიკოსების განმარტებით, ლარის გაუფასურებას, ასევე, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ისრაელიდან გზავნილების კლებამ, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ტურისტული შემოსავლების შემცირებამ.
„ეს ზეგავლენა, შესაძლოა, ნაწილობრივ გაანეიტრალოს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან ფინანსურმა ნაკადების ზრდამ. ლარზე ზეწოლა შესაძლოა შეამციროს დადებითმა მიგრაციამაც. ეს უკანასკნელი კონფლიქტების ხშირი სოციალური შედეგია. როგორც ვხედავთ, უკიდურესად მწვავე სცენარში ლარის გაუფასურების ალბათობა იზრდება. ლარის გაუფასურება კი ეკონომიკასაც არასახარბიელო ტრაექტორიას სძენს: სუსტი ლარი ზრდის იმპორტირებული პროდუქციის ფასებს, რაც დამატებით ხელს უწყობს ინფლაციის ზრდას, ამცირებს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას – აძლიერებს ზეწოლას ეკონომიკაზე“,- ვკითხულობთ მიმოხილვაში.
ცნობისთვის, ისრაელისა და ირანის დაპირისპირება, ჰეზბოლასა და ჰამასთან ერთად, რომლებიც ირანის “წინააღმდეგობის ღერძს” წარმოადგენენ, მკვეთრად გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, როცა ჰამასმა ისრაელზე აქამდე არნახული იერიში მიიტანა. როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ, ერთი წლის თავზე, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივაა, ირანსა და ისრაელს შორის სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე კი – რეალური.