“რისთვის ვითვლით საშუალო ხელფასს ვერ ვხვდები, მაჩვენებელი ატყუებს მოსახლეობას, რომ ხელფასი გაიზარდა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2023 წლის მედიანური და საშუალო ხელფასების მაჩვენებლები. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 1 238 ლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი 1 766.8 ლარი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ ხელფასების მედიანურ და არითმეტიკულ საშუალოს შორის სხვაობა 29.9%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი – გაცილებით ნაკლები. შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია.
შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების – 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი – 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ხელფასების საშუალო არითმეტიკულის დათვლით მოქალაქეების საშუალო შემოსავლების განსაზღვრა ვერ ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, საანგარიშო პერიოდში მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების შემოსავლები კიდევ უფრო გაიზარდა, დაბალშემოსავლიანებისა და საშუალოშემოსავლიანების კი უცვლელი დარჩა და შემცირდა კიდეც.
„რა დატვირთვა აქვს იმას, რომ ხელფასის არითმეტიკულ საშუალოს ვიგებთ? ამით ვერ ვიგებთ ქვეყანაში რეალურად საშუალო შემოსავალი რამდენია. ხელფასების მედიანური უკეთესად აჩვენებს რეალურ სურათს, საშუალო არითმეტიკულის დათვლა არაფერს არ გვაძლევს იმიტომ, რომ შეიძლება ბანკის მმართველების შემოსავალი გაიზარდა ორჯერ ბოლო ორ წელში, მაგრამ საშუალო ფენის შემოსავალი საერთოდ არ გაზრდილა. ამ შემთხვევაში, როდესაც დავთვლით ხელფასების საშუალო არითმეტიკულს, გვაჩვენებს ზრდას, თუმცა რეალურად საშუალო ხელფასი კი არ გაიზარდა, არამედ მდიდრების შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პირიქით ცუდი მონაცემია, რადგან აჩვენებს, რომ ქვეყანაში უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა,“ – აღნიშნავს ეკონომისტი.
ჯანიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გვსურს, რომ გავიგოთ, რამდენად არის საკმარისი მოქალაქეების შემოსავლები ღირსეული ცხოვრებისთვის, უნდა დავთვალოთ მედიანური ხელფასები და სიტუაციის ანალიზი ამის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
„საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ატყუებს მოსახლეობას, რომ ხელფასი გაიზარდა. მაშინ უნდა შევისწავლოთ, ვისი ხელფასის ზრდის გამო გაიზარდა საშუალო ხელფასი. შეიძლება მაღალშემოსავლიანების ხელფასი ბევრად გაიზარდა და დაბალშემოსავლიანების შემცირდა, მაგრამ საშუალო მაინც ზრდას გვიჩვენებს. თუ გვინდა გავიგოთ როგორია მოქალაქეების უმეტესის შემოსავალი, რამდენად არის შესაძლებელი ამ შემოსავლით ხარჯების დაფარვა, განათლების, ასევე, ჯანდაცვის და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა რამდენად შესაძლებელია ამ ხელფასით, მაშინ უნდა ავიღოთ მედიანური ხელფასი,“ – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.