„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს და უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდოს“

სფეროს ექსპერტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში საჭიროა ღირსეული მინიმალური ხელფასი დაწესდეს.

ცნობისთვის, საქართველოში მინიმალური ხელფასი ბოლოს 1999 წელს დაწესდა და 20 ლარს შეადგენს.

ჯანიაშვილს ვკითხეთ, მინიმალური ხელფასის დაწესებით შესაძლებელი იქნება თუ არა შემოსავლების კუთხით არსებული უთანასწორობის დაძლევა.

„მინიმალური ხელფასი რომ დავაწესოთ, ამისკენ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ცივილიზებულ სამყაროს უნდა დავემსგავსოთ. ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო 20 წელია საქართველოშია, გამორიცხავს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბე დაიძლიოს და უთანასწორობა აღმოიფხვრას.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს და უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამაზე მხოლოდ მე კი არ ვსაუბრობ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი,“ – აღნიშნავს ეკონომისტი.

ჯანიაშვილი განმარტავს, რომ თუ სოციალურად თანასწორი სახელმწიფოს შექმნა გვსურს, შრომის კოდექსი უნდა მოწესრიგდეს და მინიმალური ხელფასი უნდა დაწესდეს.

„დღეს რომ ვუყურებ ზოგიერთ დამსაქმებელს ტელე-ეთერებით რომ გამოდიან, ისეთ საშინელებებს ამბობენ, თავი მონათმფლობელობის პერიოდში მგონია. სიტუაცია უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ რეფორმებისა და დამსაქმებლისთვის შეზღუდვების დაწესებით, შენ თუ საშუალებას მისცემ, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი მონათმფლობელობასაც დააბრუნებს დიდი სიამოვნებით.

მით უმეტეს, ქვეყანაში სადაც მაღალია უმუშევრობის დონე, თავისუფლად შეუძლია დამსაქმებელს, რომ დასაქმებულების დისკრიმინაცია მოახდინოს. სუპერმარკეტებში კონსულტანტების მდგომარეობა ამის ყველაზე ნათელი გამოძახილია. ადამიანებს მინიმალურ ხელფასად უამრავი საქმის გაკეთება უწევთ, დაწყებული კონსულტაციიდან, დამთავრებული დამლაგებლობით, მოლარეობით და ა.შ.

ეს, რა თქმა უნდა, ბოროტი გამოყენებაა იმ ძალაუფლების, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ანიჭებს დამსაქმებლებს. მერე გამოდის ზოგი დამსაქმებელი და წუწუნებს რომ მუშახელის დეფიციტი აქვს. რა თქმა უნდა, ექნება! ვის უნდა ასეთ დისკრიმინაციულ პირობებში მუშაობა. იმიტომაც გვაქვს ემიგრაციის ძალიან მაღალი დონე ბოლო წლებში ქვეყანაში,“ – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share