“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ევროპას დემოკრატიას უწუნებს – ბიძინა ივანიშვილი “ტვ იმედთან” მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ “დღეს საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიაა, რომელიც ევროპასაც კი აკლია“.
ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართავს და ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საქართველოს დემოკრატიულ შუქურას უწოდებდნენ, ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში სწორედ ახლა არის რეალური დემოკრატია.
”შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას.
აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას – ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა – დაახლოებით, ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი.
ის ფსევდო მედია, რაც იყო, პრინციპში, ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა. საქართველოში დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია, ისეთი დემოკრატიაა დღეს საქართველოში, რის საფუძველზეც ევროპა გახდა ასეთი მომხიბვლელი, რაც სამწუხაროდ, მე მგონი, დღეს ევროპას აკლია”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.