ცოტა ხნის წინ, საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა, უკრაინის “ხალხის პარტიის” წევრმა, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ და აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინელებისთვის საქართველოში ყოფნა საფრთხის შემცველია. ამის მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციები დაასახელა.
განცხადებას იასკომ 21 ოქტომბერს, “Ранок.LIVE”-ის ეთერში გააკეთა.
- იასკომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული პროვოკაციები მუდმივად ხდება. მისი თქმით, იქ ყოფნა საფრთხის შემცველია, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით იქნებიან წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია და მოქალაქეებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ასევე არის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.