HarrisX: გამოცხადებული შედეგი, რომელიც ოცნების 53%-ს აჩვენებს, სტატისტიკურად შეუძლებელია

“გამოცხადებული საარჩევნო შედეგი, რომელიც აჩვენებს ქართული ოცნების 53.96%-ს, სტატისტიკურად შეუძლებელია” – HarrisX-ი, რომელმაც მთავარი არხის დაკვეთით საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლი ჩაატარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგს შორის დიდი სხვაობაა, რაც შეუძლებელია სტატისტიკურად აიხსნას

“Harris/Mtavari არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებთან შედარებით ჩვენი ანალიზით ვლინდება, რომ აცდენაა ქვეყნის მასშტაბით მიცემული ხმების საერთო რაოდენობის 8%-ში, ეს არის 172 523 ხმით, რაც სტატისტური შეუსაბამობით ვერ აიხსნება. ეს მიანიშნებს ხმის მიცემის დარღვევებზე” – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციას მაგალითად მარნეულის საარჩევნო ოლქი მოჰყავს, სადაც ეგზიტპოლსა და ცესკოს მონაცემებს შორის აცდება 40%-ია.

“ზოგიერთ ადგილში, სხვაობა სტატისტიკურად შეუძლებელია: მაგალითად, მარნეულის რეგიონში, სადაც ქართულმა ოცნებამ 48% მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. HarrisX-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მარნეულში ხმების 40% მიიღო, მაგრამ ცესკოს ანგარიშში ქართულ ოცნებას ხმების 80% აქვს მიღებული. 40%-იანი აცდენა HarrisX-ის ეგზიტპოლსა და ცესკოს მონაცემებში დაუჯერებელი და შეუძლებელია” – წერს HarrisX

“HarrisX-ის შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა ხმათა უჩვეულო ცვლილებები 2020 და 2024 წლის არჩევნებს შორის, ასევე ჩვენ მიერ ჩატარებულ ეგზიტ პოლისა და 2024 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს შორის, რომელიც სცილდება იმ დონეს, რომელიც შეიძლება აიხსნას სტატისტიკური რყევით ან გამოპასუხებასთან (არგამოპასუხებასთან) დაკავშირებული შერჩევის შესაძლო შეცდომით.

მაშინაც კი, როცა ეგზიტ პოლის მონაცემები (სტატისტიკურად) დაფუძნებულია  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სრული დღის სტატისტისტიკური მონაცემების პარამეტრებზე, გამოცხადებული არჩევნების შედეგი, რომელიც აჩვენებს ქართული ოცნების 53.96%-ს, სტატისტიკურად შეუძლებელია” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share