საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, “ძნელია საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად ის რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე”.
არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე ომბუდსმენმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ არ სჯერა, თითქოს “100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმება”.
“მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, მე არ ვდგავარ მათთან, არ ვიმეორებ ხშირ შემთხვევაში აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, არ ვიცი, ძნელია საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად ის, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე.
350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც რომ ასე იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით, 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი, ეს ყველაფერი თუ ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს საღი აზრი. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმება ისე, რომ ერთი არ გამოჩნდა, 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმეს თუ ხართ ვისაც ჩამოგართვეს მოწმობა, განცხადება შემოიტანეთ-მეთქი, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მას ჩამოართვეს იძულებით და არ უბრუნებენ.
[…] არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა, არის რაღაცები, რომ მართლა მელანმა იქ გამოჟონა, მაგრამ ეს შესაფასებელია დიდ კონტექსტში. შესაფასებელია, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას. შენ რომ მიხვედი და იქ შემოხაზე, ეს შენი ნების გამოვლენა იყო თუ არა უზრუნველყოფილი თუ ვინმე ახდენდა ზეგავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანა ეს არის, რომ დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები იყო, ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა რაზე არის ამდენი საჩივრები დაწერილი. ეუთო/ოდირის დასკვნა არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი”. – თქვა იოსელიანმა.