მთელი საქართველოს მასშტაბით, თეთრიწყაროს სასამართლოს ერთი მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა, აღმოჩნდა ის ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მართლმსაჯულებაში, რომელმაც არა მხოლოდ დაინახა თეთრ ფურცელზე გამოჟონილი შავი ლაქა, არამედ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. მეტიც სასამართლო დარბაზში ჩატარებული ექსპერიმენტით იქ შეკრებილმა ცესკოს წარმომადგენლებმა ვერ უარყვეს რომ ფარულობა დაირღვა.
თეთრიწყაროს სასამართლოს შესასვლელში ახლაც კიდია პლაკატი, რომელიც მოქალაქეებმა აქ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. “მადლობა სიმართლისთვის, ბატონო მოსამართლე” და სამი გული.
ვლადიმერ ხუჭუამ კარიერა სტუდენტობის ასაკში დაიწყო. მცირე ხნით კერძო და ძირითადად საჯარო სამსახურში იყო ადვოკატი, პროკურორი და თითქმის ყველა ის საქმე აკეთა, რასაც იურისტის ხელში შეეძლო გაევლო. 2006 წელს პირნათლად შესრულებული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე მიღებული აქვს ღირსების ორდენი. მრავალფეროვანი გამოცდილება სამართალწარმოებაში იყო მისი მთავარი უპირატესობა, რომ 2012 წლიდან მოსამართლედ განეწესებინათ.
მოსამართლე ხუჭუა იყო პირველი, რომელმაც საიას სარჩელის განხილვისას ხმის მიცემის ფარულების დარღვევის შესახებ სხდომათა დარბაზში ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა და იყო ერთადერთი, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროსა და წალკის ოცდაათივე უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო არჩევნების შედეგები გააბათილა.
იქნება თუ არა წლის ყველაზე ხმაურიან პროცესს გავლენა მის კარიერაზე ამიერიდან. მოსამართლე რაიმე კონკრეტულ საფრთხეს არ გრძნობს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად არის.