გურულების წარმართული რწმენა და ძველი ეგვიპტე

გურულების წარმართული რწმენა და ძველი ეგვიპტე
.
ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლის მ. მაშურკოს გურიის სოფელ გოგორეთში ჩაწერილი აქვს წესი, თუ რა უნდა გაუეკეთებია კატის მკვლელს მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილებისათვის (ასეთივე წესი იყო ძაღლის მკვლელისათვისაც).
.
„თუ კატის მკვლელს უნდა მისი ცოდვის გამოსყიდვა, მან მდინარეზე უნდა ააგოს ცხრა ალუბლის ხიდი. ამის შემდეგ ფეხებზე უნდა დაიბნიოს სამი აგური და უნდა იაროს მის მიერ აგებულ ხიდებზე, მანამ სანამ სამივე აგური მთლიანად არ გაცვდება.“ (მ. მ.)
.
ზემოხსენებულის ასახსნელად საინტერესო უნდა იყოს მოსე ჯანაშვილის მიერ ქართველთა და ეგვიპტელთა უძველესი რწმენის შედარება, რა დროსაც ჯანაშვილი საუბრობს, რომ ეგვიპტეში – „თუ კატა მოუკვდებოდათ, გლოვობდენ, წარბებს იპარსავდენ. კატას, ძაღლს და სხ. წმინდა ცხოველებს მარხავდენ დიდებულად.“ (მ. ჯ)
.
ხოლო საქართველოში არსებული წესის მიხედვით კატის მკვლელს სულის ცხონებისათვის შვიდი საყდარი უნდა აეგო – „კატის თაყვანისცემის ნიშნად ჩვენში (ფშავ-ხევსურეთს) დარჩენილა ჩვეულება კატის ხელში აყვანით დაფიცვა საგვარეულო სალოცავში, აგრეთვე ანდაზაც, რომ კატის მკვლელმა შვიდი საყდარი უნდა ააშენოსო, რომ ცხონებას ეღირსოსო.“ (მ. ჯ.)
.
ქართველთა უძველესი რწმენის მიხედვით – „სული, გამოეთხოვება რა ტანს, მიდის საიქიოს პეპელას სახით, კუპრის ტბაზე გადავა-რა ძაფის ხიდით, დახვდებიან სიმართლე-სიმტყუნის გამომცნობელნი; აუწონენ დანაშაულობასა და სიკეთეს სასწორზე და თუ სიკეთემ დასძლია, გასამართლებული მიდის სამოთხეში, სანეტარო ადგილას = ნეტარების-კარს.“ (მ. ჯ.);
.
„კეთილთათვის საიქიო ნეტარი ადგილია, მარადის განათებული, გამწვანებული. მკვდრებს წინ უშლიათ მიმდემად აუღებელი სუფრა, მხიარულობენ, მღერიან, გალობენ. ეს ადგილი ტბას იქით არის და იქ უთესიათ ყანა.“ ასევე არის ჯოჯოხეთი – „ტანჯვა-ვაება მოელის კაცს ჯოჯოხეთში, საცა ღუღს კუპრი, ხოლო. ნეტარება სამოთხეში (სა-ამოთხეში)“ (მ. ჯ.)
.
„ძაღლი და კატა საიქიოს მიმავალს უხვდებიან ტბაზე გადაჭიმულს ხიდზე: კატა ქონს უსომს, რომ გადამავალს ფეხი დაუსხლტეს და კუპრში ჩავარდეს, ხოლო. ძაღლი ამ ქონს ლოკავს, რომ პატრონს გაუადვილოს გადასვლა სამშვიდობო მხარეს. ძაღლივე ერთად-ერთი მეგობარია მიჯაჭვულ ამირანისა.“
.
აქვე ჯანაშვილი საუბრობს ქართველთა წარმართულ რწმენაზე, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს აღაპთან და ასევე ე.წ. სულის დაპურების ტრადიციასთან, გურიაში გარკვეული დროის წინ ჯერკიდევ იყო შემორჩენილი ცოცხალი კაცის მიერ მისივე აღაპ/ქელეხის გადახდა, რასაც აკეთებდა კაცი იმ შემთხვევაში თუ კი შვილის ან ნათსევებისაგან იმის იმედი არ ჰქონდა რომ აღაპს გაუკეთებდნენ, ამასთანავე იყო დაკავშირებული თავისი აღაპისათვის ფულის დატოვების წესი. გურიაში არსებული რწმენის მიხედვით თუ კი სული არ დაპურდებოდა იგი ვერ მოისვენებდა და გაბრაზებული იხეტიალებდა.
.
„მკვდარი საფლავიდან გამოდის, თუ დააკლდა საზდო, თუ მოშივდა. იგი ღამ-ღამე დაწანწალებს სოფლითსოფლად და სჭამს, რასაც იხელთებს. ასეთის სიღარიბისა და ხელმოკლეობის გამო მასში იბადება მძულვარება ცოცხალ ნათესავთადმი, რომელთაც იგი დაივიწყეს. იგი დაეცემა ხოლმე მათ, სტანჯავს, უვლენს სნეულებას, ჭირს.“ (მ. ჯ.)
.
ასევე საინტერესოა გერასიმე თევზაძის მიერ გურიაში არსებული დღეობა „ყანის მოძახილი“, თუმცა მისი აღწერის მიხედვით ამ წესის ყანასთან კავშირი არ ჩანს, შესაბამისად აქ შეიძლება ვიგულისმოთ „ტბაზე ხიდით გადასვლის შემდეგ არსებული საიქიოს ყანა“.
.
„ერთ არაქრისტიანულ ჩვეულებას, რომელსაც გურიაში ეძახიან „ყანის მოძახილს“, ამ ჩვეულების პატივსაცემლად ხალხს დაარსებული აქვს დღეობა 14 აგვისტოს.“ ეს წესი ძირითადად გულისხმობდა კუდიანების და ავსულების დაფრთხობას, ხმაურითა და თოფის სროლით, ასევე ამ ღამით სახლის გარეთ არავინ არ იძინებდა – „14 აგვსიტოს, ღამით არავინ გარეთ ან აივანზე არ დაწვება,ძალზედ სიცხეც, რომ იყოს, რადგან ტურა კაცის კუდიანის ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ის წაგვიყვანსო.“ (გ. თ.)
.
ამ შემთვევაში აღსანიშნავია „ტურა კაცი კუდიანი“, რომელსაც გადმოცემის მიხედვით შეუძლია ადამიანი წაიყვანოს, რაც სავარაუდოდ გარდაცვალებას და ჯოჯოხეთში წაყვანას უნდა გულისხმობდეს. აქ საინტერესოა კი შეიძლება პარალელის გავლება ეგვიპტურ ღვთაება ანუბისთან (ინპუ), რომელსაც ტურის თავი, ადამიანის ტანი და კუდი ჰქონდა, ძველი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ანუბის მიყავდა მიცვალებულები საიქიო ცხოვრებაში, იგი იყო სასაფლაოების და აკლდამების მცველი და გარდაცვლილთა სამეფოს მოსამართლე, მასვე ებარა შხამები, საწამლავი და ა.შ.
.
აქვე გერამიმე თევზაძე წერს, რომ გურიაში წარმართული წესები და რიტუალები იმდენად იყო გამჯდარი ხალხში, რომ მათში სასულიერო პირებიც კი მონაწილებდნენ – „ხალხის დარიგება და მოძღვრება უმეტესად სასულიერო მწყემსთა მოვალეობა არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თვით დიდ მონაწილებას იღებენ ამ არაქრისტიანულ ჩვეულების დროს.“ (გ. თ.)
.
– Сборникъ матеріаловъ для описанія мѣстностей и племен Кавказа. 1894 г. №18.; Преподаватель Кутаисской гимназіи М. Машурко – Изъ области народной фантазіи и быта (Тифлисской и Кутаисской губ.);
– მოსე ჯანაშვილი საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ. : ტომი I; 1906 წელი;
– გრასიმე თევზაძე – ჟურნალი „მწყემსი“ #21 – 1887 წელი 30 სექტემბერი;
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share