თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ასოცირებული პროფესორები უერთდებიან.
თსუს ერთ-ერთმა ლექტორმა განაცხადა, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ – “რაც დღეს აქ ხდება სამარცხვინო და მიუღებელია“.
ამასთან, პროფესორმა უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია “ქართული ოცნების” დავალების შესრულებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ “რექტორი კობახიძის დავალებებს ასრულებს“.
”სტუდენტებს უნდათ, რომ გამოხატონ პროტესტი უნივერსიტეტის შიგნით. ეს მათი უფლებაა. გადახედონ, რა ხდება ევროპულ უნივერსიტეტებში. რომელი ევროპული უნივერსიტეტის კარი არის ჩაკეტილი სტუდენტებისთვის. მაგრამ ამათ არ უნდათ ევროპული უნივერსიტეტი, ესენი მიდიან რუსეთისკენ.
არ შემიშვეს არც მე. ჯაბა სამუშია არის “ქართული ოცნების” დანიშნული რექტორი და ის კობახიძის დავალებებს ასრულებს. არ დაგავიწყდეთ, რომ კობახიძემ უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენჯერმე გაალახინა. 35 წელია მე უნივერსიტეტში ვასწავლი, მე მსგავსი არაფერი მინახავს. რაც დღეს ხდება, ეს არის სრულიად სამარცხვინო და მიუღებელი. რექტორი ასრულებს “ქართული ოცნების” დავალაბებს და არ ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს”, – ამბობს პროფესორი.
თბილისში პროტესტმა იფეთქა. დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო კერა არსებობს. თავდაპირველად, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო, რომელიც თსუ-ის მიმართულებით დაიძრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნით უნივერსიტეტში ღამის გათენებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – “გუშაგები” დააფუძნეს. ისინი აცხადებენ, რომ “ბრძოლა გრძელდება” და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას. ბსუ-ს სტუდენტები აპირებენ, რომ დღევანდელი ღამე უნივერსიტეტში გაათენონ.
ცნობისთვის, გუშინ, 14 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც – იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.