ვისი სახელით დაურეკეს საქართველოს არჩევნებზე ეუთო/ODIHR-ის სპიკერს

არჩევნებიდან 4 დღეში პრორუსულად განწყობილი ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ფეისბუქ-გვერდზე საეჭვო აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ეს ჩანაწერი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხიდან გავრცელდა. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ჩანაწერში “კანტის აკადემიისა” და მოძრაობის “აირჩიე ევროპა-ს” ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი ეუთო-ოდირის სპიკერ კატია ანდრუშს ტერორისტული აქტით ემუქრება. აუდიოჩანაწერი 4-მა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ  შეამოწმა. ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ:

  • აღმოჩენილია ისეთი ანომალიები, როგორიცაა არაბუნებრივი პაუზები და ხარვეზები, რაც პოტენციურ რედაქტირებაზე ან სინთეზურ მოდიფიკაციაზე მიანიშნებს.
  • ხმაში გამორჩეული თვისებები, როგორიცაა აქცენტი და უფრო ღრმა ტონი, თაქთაქიშვილის რეალური მეტყველების მახასიათებლებისგან განსხვავდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლებოდა სხვადასხვა ადამიანის ხმის კომპილაცია ყოფილიყო.
  •  ჩანაწერის ხარისხობრივმა ანალიზმა, აჩვენა ისეთი ნიშნები, როგორიცაა ღრმა ხმა, ნელი ტემპი, არაბუნებრივი შესვენებები ან გადანაცვლებები სიტყვებს შორის, რაც შესაძლოა, სინთეზურ მანიპულირებაზე მიუთითებდეს.
  •  ფონური ხმაურის არარსებობა და ხელოვნური სიტყვების გადასვლები ასევე აჩენდა  გარკვეულ ეჭვს.
  •  ფაილი შეიქმნა გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც დამატებით  შესაძლო რედაქტირებაზე მიუთითებს.

„მითების დეტექტორმა” აუდიოჩანაწერის გავრცელება უკვე შეზღუდა. ორგანიზაცია „მანტის ანალიტიკსი“ ერთ-ერთია იმ 4 -დან, რომელმაც საეჭვო აუდიოჩანაწერი სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეამოწმა. სპეციალისტ ანტონ ტერესიუკისთვის ეჭვგარეშეა, რომ აუდიოფაილი მანიპულაციაა.

ეუთო-ოდირის სპიკერმა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ზარის მიღება დაადასტურა. ანდრუშის განმარტებით, მან აბონენტს სთხოვა, წერილობით  გამოეგზავნა ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გადაცემაც სურდა და ელექტრონული ფოსტის მისამართი მისცა, მაგრამ შეტყობინება აღარ მიუღია. სატელეფონო ზარის ავთენტურობას გამორიცხავს თავად გიორგი თაქთაქიშვილი, რომელიც განმარტავს, რომ არც ეუთოს სპიკერს იცნობს და არც მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია ჰქონია ოდესმე.

მოძრაობა “აირჩიე ევროპა“ მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებდა. ევროპული გზა რომ რუსული ინტერესებისთვის შეუთავსებელია ეს ცხადია. გიორგი თაქთაქიშვილს ფაქტები აფიქრებინებს, რომ სწორედ ამიტომ აირჩია პროპაგანდამ ფაბრიკაციის ფიგურანტად.

კატია ანდრუში არ იყო ერთადერთი ვისთანაც სატელეფონო ზარი განხორციელდა. საეჭვო ზარის მიღება “მითების დეტექტორთან”  ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მის ტელეფონზე ზარი 21 ოქტომბერს განხორციელდა. მითების დეტექტორის გადამოწმების შემდეგ, დადგინდა, რომ ზარი სტეფანწმინდის სატელეფონო კოდით განხორციელდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ დეზინფორმაციული ოპერაციების უკან რუსული დაზვერვის სამსახურები დგანან.

ფაქტების ერთობლიობა მიუთითებს, რომ რუსული სამსახურების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საარჩევნოდ საერთაშორისო დამკვირვებლების დაშინება იყო. ჩვენ თავად შევეცადეთ იმ ნომერზე დაკავშირებას, რომლიდანაც ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს დაურეკეს.

ყალბი ჩანაწერი პირველმა საეჭვო ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა.  თავდაპირველად პლატფორმაზე სატირული მასალები თავსდებოდა, აუდიტორიის შემოკრების შემდეგ კი პოლიტიკური შინაარსი შეიძინა და პერიოდულად ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს. სისტემატურად იდება ანტიევროპული პოსტები.

ქვეყანა ახლა ეუთო -ოდირის დასკვნის მოლოდინშია. საზოგადოებამ უკვე მოისმინა ორგანიზაციის წარმომადგენლის 26 ოქტომბრის არჩევნების პირველადი შეფასება, სადაც საუბარი იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, მოქალაქეების დაშინებაზე, მოსყიდვასა და მუქარაზე. არსებობს მოლოდინი, რომ საბოლოო დასკვნის შემდეგ, რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share