თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და გმობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
განცხადებაში საუბარია დღეს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილის თსუ-ის ეზოში შესვლაზე.
სტუდენტების ნაწილის თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის და გახსნა – საპოლიციო ძალებისთვის. ისინი რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
“ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დუმილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსის ჩაკეტვა სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და მისი გახსნა საპოლიციო ძალებისათვის, საიდანაც ისინი გვარბევდნენ სტუდენტებსა და აქციის სხვა მონაწილეებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი არის გადაქცეული ძალოვანი სტრუქტურების შტაბად, რაც არის უნივერსიტეტის უდიდესი შეურაცხყოფა. დღეს ძალოვნები (პოლიციელები და შავებში გადაცმული ხალხი, რომლებიც ვერ გვიმხელენ ვინაობას) დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსსა და ეზოს ტერიტორიაზე.
შენობაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისი სიაც აქვთ ხელთ. ჩვენთვის გაურკვეველია, როგორაა შედგენილი აღნიშნული სია, რამეთუ სტუდენტების ნაწილს სიაში გადამოწმების გარეშე უშვებენ შიგნით, ხოლო ნაწილს, ასევე სიაში გადამოწმების გარეშე უკეტავენ უნივერსიტეტის კარს.
ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. ვითხოვთ ჯაბა სამუშიას გადადგომას“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელსაც Facebook-ზე გვერდი სტუდენტები ხმების დასაცავად აქვეყნებს.