ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები მანიფესტს აქვეყნებენ.
მანიფესტში, რომელსაც 85-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აღნიშნავენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ასუსტებს მთელ სახელმწიფოს და დაუცველს ტოვებს მას შიდა და გარე საფრთხეების წინაშე.
ისინი უერთდებიან საზოგადოების პროტესტს და ითხოვენ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს.
“საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდ ეჭვებს იწვევს, ვინაიდან თავისუფალ დამკვირვებელთა აღნიშვნით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მცირე დარღვევები შეინიშნებოდა, გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო მმართველმა პარტიამ მხოლოდ იქ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას (უსამართლო გარემო, ძალადობა, დაშინების და მოსყიდვის ფაქტები, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაცარიელებულ სოფლებში გახსნილი უბნები და ა.შ.).
ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ასუსტებს მთელ სახელმწიფოს და დაუცველს ტოვებს მას შიდა და გარე საფრთხეების წინაშე. “ქართული ოცნების” პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ არჩევანს, ვინაიდან მათ მიერ აღებული კურსი მხოლოდ რუსეთის და სხვა რამდენიმე ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნის მიერ არის მოწონებული. ბოლო დროს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგა ავტოკრატიული მმართველობის გზას, სადაც ადამიანის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია.
იმის ნაცვლად, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებებზე მოდიოდეს და საერთაშორისო პარტნიორებს უსმენდეს, ისინი ძალის გამოყენებით ცდილობენ მშვიდობიანი აქციების მონაწილეების დაშინებას და დევნას. კონსერვატორიის კურსდამთავრებულების მთავარი ასპარეზი იყო და არის დასავლური თავისუფალი სამყარო. ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ თბილისის კონსერვატორიის აღზრდილები დღეს იპყრობენ საშემსრულებლო, საკომპოზიტორო თუ მუსიკისმცოდნეების სფეროს მწვერვალებს და ამით მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ევროპული და მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში.
ევროინტეგრაცია მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთელი საქართველოს ნათელი მომავლისთვის.
ვგრძნობთ რა იმ საფრთხეს, რაც გველის, ვუერთდებით პროტესტს და ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს, რომელიც არავის დაუტოვებს ეჭვებს, დაძლევს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას და ქვეყანას დააბრუნებს დემოკრატიული განვითარების გზაზე”- ნათქვამია განცხადებაში.