ივანიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, რომ ყაველაშვილი, რომელსაც განათლება არ გააჩნია, ხალხის სახეა – ლომჯარია

“ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებად აფასებს.

პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გაუნათლებელი ადამიანია, რომელიც ქართველი ოლიგარქის თანხმობის გარეშე ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამს.

ამასთან, ნინო ლომჯარია ფიქრობს, ქვეყნის მთავარსარდლის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენა საზოგადოების დაცინვაა – “ივანიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, რომ ყაველაშვილი ხალხის სახეა”.

”ვფიქრობ, საკმაოდ შეგნებულად და გააზრებულად გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი. მან გადახედა საკუთარ ხელქვეითებს და მოძებნა ისეთი ადამიანი, რომლის კანდიდატურად ყველაზე წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ექნება იმისი უნარებიც კი, რომ აიღოს ტელეფონი და დაურეკოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ბიძინა ივანიშვილის სრული კონტროლისა და თანხმობის გარეშე ნებისმიერი ქმედება განახორციელოს, ან წაიკითხოს კანონი და რაღაც საკუთარი აზრი გამოხატოს ამ კანონთან დაკავშირებით.

მან შეგნებულად დაასახელა ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება და მან საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ეს ადამიანი არის თვენი სახე, თქვენ ასეთები ხართ. ანუ, ქართველი კაცი უნდა იყოს კაცი, რომელსაც არ აქვს განათლება, ეს ადამიანი არის თქვენი სახე. მას წარმოუდგენია ქართველი ხალხი, რომ მათ არ ჰქონდეთ განათლება, ისინი უნდა იყვნენ უზრდელები და პრორუსები, მორჩილებაზე აღარ არის ლაპარაკი. ეს იყო დაცინვა და დათრგუნვის მცდელობა საზოგადოების”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share